აზერბაიჯანში საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების ხარისხით უკმაყოფილოები არიან- მოსალოდნელია თუ არა ექსპორტის შემცირება

მსუბუქ ავტომობილებს საქართველოს ე.წ. საექსპორტო კალათაში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შემდეგ მეორე ადგილი უკავია. მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიდან 381.5 მლნ. აშშ დოლარის (მთლიანი ექსპორტის 15.8 პროცენტი) შემოსავალი მიიღო. ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ატომობილები ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის.

საივესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების 71 % აზერბაიჯანზე მოდის. მეორე ადგილზეა სომხეთი 14.9 %-ით და მესამეზე არაბეთის გაერთიანებული საემიროები 6.4 %-ით.

გასულ წელს საქართველომ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტით დაახლოებით 409 მლნ დოლარი გამოიმუშავა და აქედან 47 % ანუ 190 მილიონი დოლარი აზერბაიჯანზე მოდიოდა.
საკმაოდ შთამბეჭდავია მიმდინარე წლის სტატისტიკაც. მაგალითად მიმდინარე წლის იანვარ- აგვისტოში აზერბაიჯანში ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ღირებულებამ 140 მილიონ დოლარს მიაღწია.
ავტოდილერების შეფასებით, მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა აზერბაიჯანში მზარდი ტრენდით ხასიათდება და ჯერჯერობით ბაზარი გაჯერებული არ არის. მეტიც, როგორც აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში აზერბაიჯანის ექსპორტიორთა ცენტრის ხელმძღვანელი რამილ ოსმალნი აცხადებს, ავტომობილიზაციის თვალსაზრისით აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მარტო განვითარებულ, არამედ დსთ-ს წევრ ქვეყნებსაც. ოსმალნის ინფორმაცით, მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა აზერბაიჯანში 1.4 მილიონს მცირედით აღემატება და ყოველ სამ კაცზე ერთი ავტომობილი მოდის. როგორც აზერბაიჯანელი ასევე ქართველი დილერები დარწმუნებულები არიან,რომ თუ რაიმე გაუთვალიოსწინებელი არ მოხდა არსებული სტატუსკვო მოთხოვნა- მიწოდებას შორის კიდევ დიდხანს შენარჩუნდება, თუმცა არიან სკეპტიკოსებიც.
დილერთა ერთი ნაწილის განმარტებით, აზერბაიჯანში უკვე დაიწეს იმაზე საუბარი,რომ საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს. როგორც ირკვევა, საქართველოდან აზერბაიჯანში ძირითადად ამერიკული ე.წ. ჩაძირული და ნაავარიევი ავტომობილები შედის. დილერების განმარტებით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს , პირველი ის, რომ აშშ -დან დიდ პარტიებად შემოყვანილი ავტომობილები სპეციალური შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის გამო 35 – 40 %-ით იაფი ჯდება, ვიდრე მათი ევროპული ანალოგები. რაც შეეხება ე.წ. ჩაძირულ ანუ იმ ავტომობილებს რომლებიც აშშ-ში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდმენ. როგორც ირკვევა, მათი შეძენა აშშ-ში საკმაოდ იაფადაა შესაძლებელი, საქართველოში და აზერბაიჯანში კი უკვე მრავლადაა სახელოსნოები სადაც ამ ავტომობილებს ზედაპირულად არემონტებენ და შემდეგ მაღალ ფასში ყიდიან.
ასეა თუ ისე „ქართული” ავტომობილებისთვის აზერბაიჯანის ბაზარი ჯერჯერობით ღიაა. თუმცა იმავე სკეპტიკოსთა მოსაზრებით, ალბათობა იმისა, რომ სიტუაცია შეიცვალოს ისე როგორც ეს წლების წინ მოხდა არსებობს. როგორც ცნობილია,2014 წელს ქართული ავტოდილერები აზერბაიჯანის მიერ „ევრო-4“-ის სტანდარტზე გადასვლამ დააზარალა. ამ სტანდარტის მიხედვით, აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების შეყვანა აიკრძალა, შედეგად საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული მანქანების რაოდენობა თითქმის 30-40 %-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები