მაია ცქიტიშვილი: ხელისუფლება არ იყენებს ბოტებსა და ტროლებს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის

ხელისუფლება ოპონენტების დისკრედიტაციისთვის არავითარ მეთოდებს არ იყენებს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

“მე “ფრიდომ ჰაუსის“ სხვა შეფასება ვიცი, რომელიც ამ შემთხვევაში საუბრობს ბევრად უფრო მეტ გამჭირვალე სისტემებზე, თუნდაც ინტერნეტის ღიაობის შეფასებაზე და სხვა დემოკრატიულ პროცესებზე, რომელიც არის. სიმართლე გითხრათ, დეტალურად არ წამიკითხავს ანგარიში, მაგრამ ეჭვს გამოვთქვამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ ყოველთვის არ ხდება საქართველოდან ინფორმაციის მიტანა ჩვენს პარტნიორებთან.

რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ იყენებს არავითარ მეთოდებს, მათ შორის ბოტებსა და ტროლებს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის და საერთოდ არ არის ეს ჩვენი მეთოდი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსმა“ გუშინ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა.

“ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლება დაცული იყო.

“საანგარიშო პერიოდში ხელისუფლება ძირითადად, პატივს სცემდა და იცავდა ციფრულ უფლებებს. ამავე პერიოდში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ინტერნეტთან წვდომის გარანტიას იძლევა. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის თავისუფლებას რამდენიმე მიმართულებით საფრთხე მაინც ემუქრებოდა. წვდომა გაიზარდა, თუმცა ზრდა სუსტი იყო. ტროლინგი, განსაკუთრებით მთავრობასთან დაკავშირებული ბოტების მხრიდან, 2018 წლის ივნისში და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. გარდა ამისა, ინტერნეტის ლანდშაფტს ასევე აზიანებს დევნისა და ზეწოლის ხმაურიანი შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში“, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები