დავით ზალკალიანი: მისასალმებელია ის აქცენტები, რომელიც აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა გააკეთა
მისასალმებელია ის აქცენტები, რომელიც კელი დეგნანიმ მოსმენის დროს გააკეთა,- ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები.
“ჩვენთვის მისასალმებელია ის აქცენტები, რომლებიც მან გააკეთა მოსმენის დროს. ფოკუსი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციაზე, ამერიკის მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ჩვენი ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი, რომელიც ამ განწყობით მოდის და მას აქვს ეს სურვილები, ეს ყველაფერი ითარგმნოს პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ეს ასეც იქნება. რადგანაც საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობის ის დონე რომელიც ჩვენ გაგვაჩნია არის ყველაზე მაღალი დონე ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა ჩვენ ამერიკასთან არ გვქონია”, – განმარტა ზალკალიანმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას მან სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა.