გიორგი ვაშაძე: წყალტუბოს განვითარების პროექტი წინასაარჩევნო სატყუარაა, რომელზეც საზოგადოება არ უნდა წამოეგოს

განა წყალტუბოზე, ან წყალტუბოელებზე ზრუნავს, განა ქვეყანაში საკურორტო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს, ერთადერთი, რაც უნდა, ხელისუფლების შენარჩუნებაა, – ასე ეხმიანება “ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით.

ვაშაძის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტი წინასაარჩევნო სატყუარაა, რომელზეც საზოგადოება არ უნდა წამოეგოს.

“ჩემს უკან არის “ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ეს არის რეალური სახე მისი ინვესტიციების, თუ როგორ ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე, აქვე არის 22 ათასი კვადრატული მეტრი ყოფილი “ფაბრიკის“ ტერიტორია, იგივე იპოდრომის ტერიტორია, რომელიც გავერანებულია და ისიც მის საკუთრებაშია. 43 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა ეკუთვნის საქართველოში, ერთ ლარად წაიღო, არც ერთი კაპიკი ინვესტიცია არ ჩაუდია ამ ტერიტორიებზე. კითხვა დავსვათ, რატომ გამოვიდა წყალტუბოს ინიციატივით? ფიქრობს, რომ ეს იქნება მისთვის საარჩევნო სატყუარა. განა წყალტუბოზე, ან წყალტუბოელებზე ზრუნავს, განა ქვეყანაში საკურორტო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს, ერთადერთი, რაც უნდა, ხელისუფლების შენარჩუნებაა. ერთი წლის წინ ამ ადამიანმა გვითხრა, რომ ყველაფერს გავაკეთებ და ამ ერთხელ გვაპატიეთო, დღეს მილიონი ადამიანი ქვეყანაში ეძებს სამუშაო ადგილს, ინვესტიციები შემცირდა 54 პროცენით, ქვეყანაში ფულს ივანიშვილის გამო არავინ დებს და ამიტომ არის ეს შემცირება. ივანიშვილია მთავარი პრობლემა ეკონომიკური განვითარებისთვის, ივანიშვილის გამო არც ერთ უცხოურ ინვესტორს საქართველოში შემოსვლა არ უნდა. საზოგადოებას მივმართავ, ეს სატყუარა არ უნდა გადავყლაპოთ. ივანიშვილს როგორც კი მოვიცილებთ, ინვესტიციებიც შემოვა, ეკონომიკაც განვითარდება და უმუშევრობაც დამარცხდება. ეს კაცი თითოეული ქართული ოჯახისთვის თავის ტკივილია“, – განაცხადა გიოგრგი ვაშაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები