საქართველოს ავიაბაზრის 88%-ს უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ

2019 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 88% – უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 12% ეროვნულ ავიაგადამზიდავებზე მოდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრთნაკადით Wizz Air ლიდერობს. კომპანია 9 თვეში 592 ათას 988 მგზავრს მოემსახურა და ამ მაჩვენებლებით ის ბაზრის 15%-ს აკონტროლებს.

Wizz Air-ის შემდეგ ყველაზე მეტ მგზავრს Georgian Airways და Turkish Airlines მოემსახურნენ. 9 თვეში Georgian Airways – 435208 მგზავრს, Turkish Airlines კი 443932 მგზავრს მოემსახურა.

საგულისხმოა, რომ 2019 წლის 9 თვის მაჩვენებლებით, რუსული ავიაკომპანიები მთლიანობაში საქართველოს ავიაბაზრის მინიმუმ 15%-ს აკონტროლებდნენ. როგორც ცნობილია, საქართველოს რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსული მხარის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 4 მლნ 57 ათას 319 მგზავრი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები