მეუფე ანდრია: ეს ფაქტი ყველა ჩვენგანს გვავალდებულებს დავფიქრდეთ ჩვენი შვილების სწორ სულიერ, ფიზიკურ თუ ფსიქიკურ აღზრდაზე

ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების დამზადებასა და ტრეფიკინგის ფაქტთან დაკავშირებით ატენისა და გორის ეპარქიის წინამღვარი განცხადებას ავრცელებს:

“ყველასათვის სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ჩვენს რაიონში ორ მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი, შარშან მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა, ახლა კი მოზარდების უზნეობაში თანამონაწილეობის მცდელობა, რამაც გაიჟღერა ქართულ მედია თუ ინერნეტ სივრცეში. ძალზედ მძიმეა რაიმეს თქმა, რამეზე საუბარი, მიმდინარეობს გამოძიება ამ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით, დაველოდოთ მის შედეგებს. მაგრამ, თავად ეს შემაძრწუნებელი ფაქტი ყველა ჩვენგანს გვავალდებულებს დავფიქრდეთ ჩვენი შვილების მომავალზე, მათ სწორ სულიერ, ფიზიკურ თუ ფსიქიკურ აღზრდაზე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის დამდეგს, შევთხოვთ დედა ღვთისმშობელს დაიფაროს საქართველო და ქართველი ერი ამგვარი შემთხვევებისგან”, – აღნიშნავს მეუფე ანდრია (გვაზავა).

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. ​გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები