„პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი არ და ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას“

პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი არ და ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანალიტიკოსმა ლაზარე ჯიბლაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა აღადგინოს შეწყალების საკითხთა კომისია და დააკომპლექტოს საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი, კომპეტენტური პირებით. მანვე აღნიშნა, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივი დანაშაულების შემთხვევაში, შეწყალების კომისიამ და პრეზიდენტმა მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის გადაწყვეტისას ყურადღება უნდა მიაქციოს დაზარალებულის პოზიციას.

„ჯერ კიდევ 2016 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ კვლევა მოამზადა, სადაც ამ თემაზე იყო ყურადღება გამახვილებული, ასევე შემუშავებული იყო შესაბამისი რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების გათვალისწინება წლების მანძილზე არ მომხდარა. ამ პერიოდში ქალბატონი ზურაბიშვილიც იზიარებდა ჩვენს პოზიციას და აღნიშნავდა, რომ შეწყალება სხვა მიდგომებით უნდა დარეგულირებულიყო. თუმცა, რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზურაბიშვილმა თავადვე გააუქმა შეწყალების კომისია. კონსტიტუციით გათვალსიწინებულია, რომ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება, თუმცა როგორც ის განმარტავს საკუთარ დისკრეციას, ეს არასწორია. გადაწყვეტილების მიღებისას, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად განჭვრეტადი უნდა იყოს და პრეზიდენტი თავს ვერ აარიდებს ანგარიშვალდებულებას საკუთარი მოქალაქეების წინაშე“- განაცხადა ჯიბლაძემ.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, შესაბამისი ნორმატიული აქტითა და პრაქტიკით, აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას სახელმწიფოს მეთაურის მიერ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისას აქამდე გამოვლენილი სერიოზული ხარვეზები.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ პერიოდში დეკლარირებული პოზიციის ფონზე, რომ შეწყალების საკითხი იუსტიციის სამინისტროს უნდა განეხილა, კიდევ უფრო გაურკვეველია, რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა დამოუკიდებლად ჯამში 91 მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვეტილება.
„ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ მიუღებელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფართო და ყოველგვარ კონტექსტს მიღმა მოაზრება. პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება უნდა ექვემდებარებოდეს საქართველოს მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებისა და მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტს. შეწყალების აქტი ჰუმანურობის პრინციპის რეალიზებას უნდა უწყობდეს ხელს და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ემსახურებოდეს კერძო პირთა ინტერესებს”- აცხადებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე, შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

18 სექტემბერს პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ახსნა.
„ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე…
მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. მომავალი კვირიდან შედგება ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს შეშფოთება საზოგადოების”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები