ადვოკატი: პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, პატიმრებში დიდი საპროტესტო მუხტია

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატის ეკა ქობესაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, პატიმრებში დიდი საპროტესტო მუხტია. ამის შესახებ ადვოკატმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით გარკვეულწილად პატიმრების უფლებები დაარღვია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრში პატიმრებისგან ზარები შემოდის, ძალიან დიდი ვნებათაღელვაა პენიტენციურ დაწესებულებებში. ამ მორატორიუმით პრეზიდენტმა პატიმრებს შეწყალების შანსი მოუსპო, რითაც გარკვეულწილად მათი უფლებები დაარღვია. მსჯავრდებული, რომელიც იხდის სასჯელს, რაღაცით წახალისებული უნდა იყოს, უნდა მოხდეს რესოციალიზაცია. შეწყალება იყო ერთ-ერთი მეთოდი დანაშაულის რესოციალიზაციისა. პატიმრებმა იცოდნენ, რომ თუ ისინი სასჯელის აღსრულების პერიოდში მოიქცეოდნენ კანონის მოთხოვნით, არ დაარღვევდნენ დღის წესრიგს, შეწყალების შანსი ჰქონდათ. ეს ძალიან დიდი მუხტი იყო, ასევე იყო წახალისება იმისა, რომ დაწესებულებაში წესრიგი ყოფილიყო. პატიმრებს ჰქონდათ იმედი იმისა, რომ ვადაზე ადრე დაბრუნდებოდნენ საზოგადოებაში და დაუბრუნდებოდნენ ოჯახებს.
სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ პატიმრებში ძალიან დიდი ვნებათაღელვა იყო, როცა მან გამოაცხადა, რომ შეწყალებას ცოტა სხვანაირად უყურებდა, კომისია გააუქმა და ფიქრობდა, რომ ეს მექანიზმი იუსტიციის სამინისტროში უნდა გადასულიყო. თუმცა, ამ დროს ვიგებთ, რომ პირველივე დღესასწაულზე, შეწყალებული იყო რამდენიმე მსჯავრდებული. პატიმრებს იმედი გაუჩნდათ, იფიქრეს, რომ არის მექანიზმი, რომელიც ამ საკითხს ამუშავებს და პრეზიდენტს აქვს სურვილი, გააგრძელოს წინა პრეზიდენტების პრაქტიკა.

მსჯავრდებულებში ძალიან დიდი საპროტესტო მუხტია იმიტომ, რომ ათასობით ადამიანი იხდის სასჯელს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, დარჩენილი აქვთ დღეები, თვეები, მათ არ შეეხოთ შეწყალება. პასუხიც არ მიუვიდათ განცხადებაზე, ისიც არ იციან, მათ განცხადებას რა ბედი ეწია, მივიდა თუ არა პრეზიდენტამდე.

პროცესი აბსოლუტურად ბუნდოვანია, ერთი განმარტებაც არაა გაკეთებული, რით ხელმძღვანელობს ჩვენი პრეზიდენტი შეწყალების საქმეების წარმოების დროს. საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებულია, გააკეთოს მოკვლევა ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვინ იყო შუამავალი, ვინ განაპირობა ის, რომ პრეზიდენტს ხელი მოეწერა ამ შეწყალებაზე“- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე, შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

18 სექტემბერს პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ახსნა.

„ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე…
მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. მომავალი კვირიდან შედგება ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს შეშფოთება საზოგადოების”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები