ირაკლი კობახიძე: წარვადგინეთ კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელსაც ხელს ასამდე დეპუტატი აწერდა და მათ შორის არის მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობა

“წარვადგინეთ კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელსაც ხელს ასამდე დეპუტატი აწერდა და მათ შორის არის მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობა. ეს ყველაფერი ქმნის იმის გარანტიას, რომ საბოლოო ჯამში კონსტიტუციურ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა პარლამენტში – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თელავში,  საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე, ასევე განხილულ იქნა საარჩევნო ბარიერის საკითხი და ამ სისტემაში რეგიონების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.  ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა საარჩევნო კოდექსის სამუშაო ჯგუფში ფორმატში გაგრძელდება.

“განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც ამ ინიციატივას ეხება. პირველ რიგში, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაზე  გვქონდა საუბარი. ასევე, განვიხილეთ საარჩევნო ბარიერის საკითხები და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სახით შეიძლება ამ სისტემის პირობებში იყოს უზრუნველყოფილი რეგიონების წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში. ამაზე მსჯელობა იქნება სამუშაო ჯგუფის ფორმატში. შეიძლება ეს საკონსტიტუციო ცვლილებას არ საჭიროებდეს. შევეცდებით, რომ ჩვენ საარჩევნო კოდექსის დონეზე ავსახოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა რეგიონის გარანტირებულ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში. ამაზე მიდის მუშაობა და გაგრძელდება საარჩევნო კოდექსიის სამუშაო ჯგუფის ფორმატში”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს კახეთის რეგიონიდან დაიწყო. შეხვედრას, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა. ​

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე შეიქმნა. მას მხარი დაუჭირა 118-მა დეპუტატმა.
კომისიის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი; ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე; დეპუტატები – ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

აღნიშნული კომისია იმსჯელებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქვეყნის მასშტაბით 11 ლოკაციაზე მოხდება. მათ შორის იქნება თბილისი და რეგიონები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები