გიორგი ლომია: აშშ-ის საელჩოში ნოტას გავგზავნით, კრამერის მხრიდან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ

„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთვის ნოტის გაგზავნას გეგმავს და დევიდ კრამერისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ, განაცხადა.
მისივე განმარტებით, გუშინ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა.
„აუცილებლად გაიგზავნება ნოტა აშშ-ს საელჩოში. მოვითხოვთ კრამერის მხრიდან ბოდიშის მოხდას. მისი საქციელი გუშინ არაადეკვატური იყო. როგორ შეიძლება – ჩამოდის სტუმარი და მასპინძელს ასე ექცევა? მართლა კოლონია ხომ არ ვართ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაცი ხარ და უნდა იცოდე ქალს როგორ ექცეოდე.
ირმა ინაშვილს ამ ფორუმის ორგანიზატორებისთვის უბრალოდ სურდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ არის ბოკერია. როცა ფორუმზე საუბრობდნენ რუსეთზე, როგორც ავტორიტარულ რეჟიმზე, ქალბატონ ირმას სურდა, ეთქვა – კი, ბატონო ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენთანაც იყო ანალოგიური რეჟიმი და ის ადამიანი, რომლის გვერდითაც თქვენ დგახართ, ზუსტად ამ რეჟიმის ნაწილი იყო, რომელიც უშუალოდ აწამებდა. მაგალითად, მოლაშვილზე მაქვს საუბარი. რომელმაც ხელი დაადო პირდაპირ“, – განაცხადა ლომიამ.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“, გუშინ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე, დევიდ კრამერს შელაპარაკება მოუვიდათ. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ირმა ინაშვილი მივიდა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები