“აქ მოხუცი ბებია-ბაბუა მყავდა და ვერ მივატოვებდი” – ტყეში გაშენებული სასტუმრო ამბროლაურში, რომელიც თბილისიდან დაბრუნებულმა ცოლ-ქმარმა შექმნა
Glamping Georgia ორი ინგლისური სიტყვის მიღმა ისეთი საოცრება იმალება, ზუსტად ვიცი, თუ ახლოდან, საკუთარი თვალით არ იხილეთ, სიტყვებით მონათხრობი ვერაფერ შთაბეჭდილებასაც ვერ შეგიქმნით. როცა რაჭაში, ამბროლაურში, კრიხში ამ სასტუმროს კარს მივადექით, შესვლის ნებართვა ვითხოვეთ და ხის კიბეები ავიარეთ, ტყეში აღმოვჩნდით, ოღონდ ჩვეულებრივში არა, ჯადოსნურ ტყეში და თეთრ, ქათქათა კარვებს შევავლეთ თვალი, ხმამაღლა რამდენიმე მოულოდნელი ფრაზა წამოგვცდა-„სამოთხე დედამიწაზე“,“სრულყოფილება სრულყოფილებაში“, “ღმერთო, რა საოცრებაა“….
სარეკლამო სტატია სულაც არაა, აქ ადგილები მუდმივად დაჯავშნილია და მსურველთა რაოდენობას არ უჩივიან, უბრალოდ აქ ჩემი საქართველოა, ულამაზესი, უმშვენიერესი და ნახეთ…
დავით ისაკაძე მეუღლესთან, თამარ ანსიანთან ერთად თბილისიდან ამბროლაურში გადმოვიდა საცხოვრებლად,-„აქ მოხუცი ბებია ბაბუა მყავდა და ვერ მივატოვებდიო”, მერე საქმეს შეუდგა, თავიდან მევენახეობა დაიწყო, ბოლოს Glamping Georgia და დღეს საქართველოში დამსვენებლებს სრულიად განსხვავებულ კონცეფციას სთავაზობს. უდიდესი რესურსი ჩადეს ამ ყველაფერში და ის სივრცე, სადაც ახლა ეს ოაზისია, უფუნქციოდ ყოფას და გაველურებას გადაურჩა.
თითო კარავი დაახლოებით 15 ათას ლარამდე დაჯდაო . კარავი ძალიან უბრალოდაა ნათქვამი, აქ, როგორც ერთ-ერთმა დამსვენებელმა გვითხრა, ბუნების სისადავესთან საოცრადაა შერწყმული ცივილიზაციის ყველა მოთხოვნა. თავიდან ორი კარავი იყო საკუთარი სახსრებით გაკეთებული, მერე სტარტაპერის სესხი აიღეს და გაფარდოვდნენ.
ადგილები ყოველთვის დაჯავშნილია, მეორე სეზონია რაც დამსვენებლებს იღებენ, ღირებულება 130 ლარია დილის საუზმით.ერთჯერადად 20 ადამიანს ემსახურებიან, ცოტა ხანში, გაფართოების შემდეგ, 30 დამსვენებელამდე გაზრდიან მომსახურეობას. 200 მეტრში სასტუმროდან , მდინარე კრიხზე დამსვენებლებს პლიაჟი აქვთ მოწყობილი, იქვე ბუნგალოა, ოთახებში(კარვებში) მინიკინოთეატრია, მოკლედ არ იწყენენ..
მომავალში კვების ობიექტის აშენებას აპირებენ, ეს ჩვენი სისუსტეაო,ამბროლაურში შაბათობით იმართება ბაზრობა, სადაც გლეხებს ოჯახებიდან ნატურალური პროდუქცია გამოაქვთ გასაყიდად და ჩვენც დამსვენებლებს სწორედ ამ ეკოლოგიურად სუფთა საკვებს შევთავაზებთო.
მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც იქ ვიყავით, წვრილთვალება, სიმპატიური ფილიპინელი გოგო, რომელიც რაჭაშია სტუმრად, თავისი გადამღებით უკან დაგვყვებოდა და ღიმილით იწერდა ყოველივეს, მერე ჩაწერა გვთხოვა ემოციებისგან უნდა დავიცალოო.
ნახეთ ეს ადგილი – არ ინანებთ!
მარინე სვანიძე