რას პასუხობს ქვეყნის ყველაზე პატარა გიდს მესტიის გამგებელი – სვანური კოშკები აღდგება (ვიდეო)

ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობ, საქართველოში ყველაზე პატარა გიდს რომელიც 9 წლიდან უშგულში ჩასულ სტუმრებს საკუთარ კუთხეს აცნობს და მის ისტორიას უყვება, მესტიის გამგებელი გამოეხმაურა.
მოზარდმა, გიორგი ქოჩქიანმა სვანეთში უძველესი კოშკების დაზიანების შესახებ წუხილი გამოთქვა. “კვირასთან” ინტერვიუში, ის ამბობს, რომ  რამდენიმე დღის წინ გამართული აქციის მონაწილეების მოთხოვნებს იზიარებს და ავარიული კოშკების აღდგენა სურს.

“რომ გახედავთ ჩვენს სოფელს, ნახავთ, რომ სახლები ინგრევა, ჩვენი კოშკები ინგრევა, ჩვენი ისტორია ინგრევა ამაზე ძალიან მწყდება გული. მინდა, რომ ეს სოფელი აღდგეს”, – ამბობს გიორგი.

პატარა გიდის გულისტკივილს მესტიის გამგებელმა უპასუხა. კაპიტონ ჟორჟოლიანმა ის დააიმედა, რომ ყველა კოშკის რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება. აქვე ისიც დაამატა, რომ აღნიშნული პროექტი უკვე დაწყებულია და ავარიული კოშკების აღდგენა მიმდინარეობს.

„ისტორიული კოშკების აღდგენა უშგულის თემის სოფელ ჩაჟაში დაწყებულია და ეტაპობრივად დაიწყება სხვა სოფლებშიც. საბოლოო ჯამში, მთელს სვანეთში 400-მდე კოშკის აღდგენა იგეგმება. 50 წელია აღნიშნული კოშკებისთვის არავის მოუვლია და ერთ საათში ან ერთ წელიწადში, რა თქმა უნდა, ვერ მოესწრება ყველას აღდგენა. ეს ვიცით ჩვენ და ეს იცის ადგილობრივმა მოსახლეობამაც, რომ საჭიროა დრო. რაც შეეხება ჩვენი გიორგის სოფელ მურყმალს, აქ 30-მდე ავარიული კოშკია, რომელთა რეაბილიტაციაც, რაღა თქმა უნდა, ეტაპობრივად განხორციელდება. ამასთან, ჩამონგრეულ ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უკვე ტენდერია გამოცხადებული და მალე დასრულდება“, – ამბობს მესტიის გამგებელი “კვირასთან” ინტერვიუში.

მოზარდი გიდი გამგებლის დაპირებას, ალბათ, პირადად მისგანაც მოისმენს და იმედია, მისი დაპირებების შესრულების მომსწრეც მალე გახდება, მესტიაში ბევრ ტურისტს უმასპინძლებს და თავსაც დაამახსოვრებს.

გიორგი ახლა 14 წლისაა და 9 წლიდან საკუთარი შემოსალვით ოჯახს ეხმარება. ის სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ მურყმალში, ცხოვრობს. მურყმალი უშგულის თემის უძველესი სოფელია, სადაც თამარ მეფის ხანის 30-მდე ავარიული კოშკია. სოფელში ამჟამად 16 ოჯახი ცხოვრობს. საქართველოში ყველაზე პატარა გიდი ქართული და სვანური ენების გარდა, კიდევ ოთხ ენას ფლობს – ინგლისურს, რუსულს, თურქულსა და ებრაულს. ამბობს, რომ თურქული ტელევიზორიდან, ებრაული კი უშგულში ჩასული ტურისტებისგან ისწავლა. ინგლისურსა და რუსულს რაც შეეხება კი, ეს ენები მან სკოლაში, პედაგოგებისგან შეისწავლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები