ქართული, აზერბაიჯანული და თურქული თხილის ერთობლივი ექსპანსია მსოფლიო ბაზარზე – გაამართლებს თუ არა ერდოღანის წამოწყება

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს თურქეთის ქალაქ ორდუში აზერბაიჯანის საქართველოსა და თურქული მხარის წარმომადგენლებმა სტრატეგიული თანამშრომლობის სამმხრივი დეკლარაცია გააფორმეს, რომლის თანახმადაც თხილის წარმოების მიმართულებით სამი ქვეყანა უფრო აქტიურად ითანამშრომლებს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზეა მითითებული, სამმხრივი თანამშრომლობის მიზანია თხილის წარმოებისა და ხარისხის ამაღლება, მოსავლიანობის გაზრდისათვის სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა და საერთაშორისო ბაზრებზე შეთანხმებული ოპერირება.
საერთაშორისო ბაზრებზე ერთობლივი ოპერირების იდეა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს ეკუთვნის. რას ემსახურება ერდოღანის ეს ინიციატივა? როგორც აზერბაიჯანული პრესა წერს, თხილის ექსპორტით თურქეთი ყოველწლიურად, დაახლოებით, 1 მილიარდ დოლარს შოულობს და ის ამ ბაზარზე უპირობო ლიდერია, თუმცა, როგორც ირკვევა, ბოლო დროს თურქეთის ჰეგემონიას გარკვეული პრობლემები აზერბაიჯანულმა და ქართულმა თხილმა შეუქმნა. ბოლო წლებში თურქული თხილის წილი მსოფლიო ბაზარზე 70 %-დან თითქმის 50 პროცენტამდე შემცირდა და ეს სწორედ ქართულ და აზერბაიჯანულ თხილზე გაზრდილი მოთხოვნის დამსახურებაა. აზერბაიჯანში ფიქრობენ, რომ ერდოღანის ინიციატივაც სწორედ ამ ტენდენციას უკავშირდება და თურქეთი ცდილობს, მის უშუალო კონკურენტებთან ისეთი ხელშეკრულება ან შეთანხმება დადოს, რომელიც თხილის მსოფლიო ბაზარზე თურქეთის ინტერესებს დააბალანსებს. თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, პაკდემირლის განცხადებით, თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ეცდებიან, მსოფლიო ბაზარზე თხილის იმ ფასით მოახდინონ ოპერირება, რომელიც ყველასათვის მისაღები და სამართლიანი იქნება. პაკდემირლის განმარტებით, თურქეთის პრეზიდენტის ძალისხმევით, ამჟამად, მსოფლიო ბაზარზე ე. წ. გირესუნდის თხილი კილოგრამი 17 ლირად ( 3.06 დოლარი), ხოლო ყველა სხვა სახის თხილი 15 ლირად ანუ 2. 7 დოლარად იყიდება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარწმუნებულები არიან,რომ სამმხრივი დეკლარაცია, რომელიც თურქეთში გაფორმდა ქართული თხილის წარმოება-რეალიზაციას ახალ შესაძლებლობებს მისცემს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ხატია წილოსანის განმარტებით, სამმხრივი დეკლარაცის ფარგლებში საქართველოს საშუალება ეძლევა, თურქეთისაგან მიიღოს თხილის წარმოება-მოვლის ის გამოცდილება, რომელიც ქართულ თხილს უფრო ხარისხიანსა და კონკურენტუნარიანს გახდის. წილოსანს იმედი აქვს, რომ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედება ახალი, შედარებით მაღალმსყიდველუნარიანობის ბაზრების ათვისებასაც შეუწყობს ხელს.
როგორც წილოსანი აცხადებს, გარკვეული შიში იმისა, რომ ქართული მხარის აზერბაიჯანსა და თურქეთთან კოოპერაციამ შესაძლოა, ქართული თხილის ფასზე უარყოფითად იმოქმედოს, უსაფუძვლოა. „ ქართული თხილის ფასი არ შემცირდება, მთავარია, ხარისხი შევინარჩუნოთ“ , – აცხადებს წილოსანი.
ოპტიმისტურად არიან განწყობილი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაშიც. „ბუნებრივია, ისეთ ქვეყნებთან თანამშრომლობა, როგორიც თურქეთია და აზერბაიჯანია, ძალიან წაგვადგება. კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. გაგვიზიარებენ გამოცდილებას, შესაბამისად, გავზრდით თხილის ხარისხსაც და მოსავლიანობასაც“, – აცხადებს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუა. საფრთხეს იმისას, რომ თურქეთმა ქართული თხილის ფასი დააგდოს და გასაღების ბაზრებზე წვდომა შეზღუდოს, ვერც თოდუა ხედავს. პირიქით, თოდუას განმარტებით, თხილზე მოთხოვნა მსოფლიოში სულ უფრო მზარდია და გასაღების პრობლემა მოსალოდნელი არ არის. როგორც თოდუა აცხადებს, ამჟამად, 1 კილოგრამი თხილის ფასი საქართველოში 5-დან 6 ლარამდე მერყეობს და სრულ შესაბამისობაშია მსოფლი ბაზარზე არსებულ ფასებთან.
მსოფლიო ბაზარზე თხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი თურქეთია. იქამდე, ვიდრე ქართულ თხილს აზიური ფაროსანა დააზიანებდა, საქართველოს მეორე ადგილი ეკავა. მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს საექსპორტო კალათაში თხილი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს თხილის ექსპორტი 2016 წელთან შედარებით 54,1 %-ით შემცირდა, ხოლო 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 30.5 %-ით.გასულ წელს საერთაშორისო ბაზრებზე საქართველომ თხილის ექსპორტით მეოთხე ადგილი დაიკავა და ის იტალიამ და აზერბაიჯანმა ჩაანაცვლა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში ვითარება კარდინალურად შეიცვლება და ქართული თხილი ისევ დაიბრუნებს დაკარგულ პოზიციებს.
„წელს ველოდებით 40 000 ტონაზე მეტ თხილის ხარისხიან მოსავალს. აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს პოზიციებს თხილის საექსპორტო ბაზრებზე. მოლოდინია, რომ ერთ აგრონომიულ წელიწადში საქართველო მხოლოდ თხილის ექსპორტისგან მიიღებს 100-110 მლნ დოლარის შემოსავალს მიიღებს“, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.
სახვა ქვეყნებთან ერთად, აზერბაიჯანული, ქართულ და თურქული თხილის ერთ ერთი აქტიური მომხმარებელია რუსეთიც. გასულ წელს რუსეთში თხილის მთავარი ექსპორტიორი 67,9 %-ით აზერბაიჯანი იყო. 23,3 %-ით მეორე ადგილზე თურქეთი გავიდა. საქართველოს წილმა მხოლოდ 8.4 % შეადგინა. ჯამურად, გასულ წელს აზერბაიჯანმა რუსეთში 10 130 372 კილოგრამი თხილი გაყიდა, თურქეთმა – 3 540 772 კილოგრამი, ხოლო საქართველომ – 1 245 80 კილოგრამი. ისევე, როგორც გასულ წელს, მიმდინარე წლის მონაცემებით, რუსულ ბაზარზე ისევ აზერბაიჯანი ლიდერობს. 2019 წლის 1-ელ კვარტალში აზერბაიჯანმა რუსეთში 3 715 874 ( 85.1 %) კილოგრამი თხილის რეალიზაცია მოახერხა, თურქეთმა – 518 006 (11.9%) კილოგრამის, საქართველო – 134 219 კილოგრამის, რაც ბაზრის მხოლოდ 3 პროცენტია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული თხილის ექსპორტი რუსეთში, დაახლოებით, 65 %- ით არის შემცირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები