საქართველოდან აზერბაიჯანში ტურისტების ნაკადი 2019 წლის შვიდ თვეში 23%-ით გაიზარდა

 აზერბაიჯანის ტურიზმის სტატისტიკამ გასული წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა, საქართველოდან აზერბაიჯანში ტურისტების ნაკადი 2019 წლის შვიდ თვეში 23%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „Sputnik-აზერბაიჯანი“ ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.

ივლისში აზერბაიჯანი მოინახულა 365 ათასმა უცხოელმა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,6%-ით მეტია.

მესამედზე მეტი რუსეთიდან იყო ჩასული (128,5 ათასი ადამიანი). ამასთან მოგზაურთა ყველაზე შესამჩნევი ზრდა შეინიშნება საქართველოდან – 25%. ივლისში აზერბაიჯანში 61 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა.

2019 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანს 1,8 მილიონი უცხოელი ესტუმრა. 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ტურისტების ნაკადის ზრდა დაახლოებით 7,4%-ს შეადგენს.

საქართველოდან ტურისტების ნაკადი 76 ათასით ანუ 23%-ით გაიზარდა, რუსეთიდან და თურქეთიდან – 4%-ით. ტურისტების რიცხვის ზრდამ ცენტრალური აზიიდან შეადგინა 39%, სამხრეთ აზიიდან – 44%.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის მაღალჩინოსნები ქვეყანაში წელიწადში სამ მილიონამდე ტურისტის მოზიდვის გეგმებზე საუბრობდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები