ინფრასტრუქტურის სამინისტრო: მივესალმებით, რომ ანაკლიის კონსორციუმმა შეძლო ვალდებულების ვადაში შესრულება და პორტის მშენებლობის ხელშეკრულების პროექტი წარმოადგინა

“მივესალმებით იმ ფაქტს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამჯერად შეძლო მის მიერ აღებული ვალდებულების ვადაში შესრულება და წარმოადგინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ხელშეკრულების პროექტი”, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტრო იმედოვნებს, რომ კონსორციუმი შეძლებს კიდევ ერთი ვადის დაცვას და წარდგენილი ხელშეკრულების პროექტს 2019 წლის ბოლომდე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეათანხმებს.

„ასევე, ვიმედოვნებთ რომ 2019 წლის 15 ოქტომბრისთვის, კონსორციუმი წარმოადგენს ბანკებთან საბოლოოდ შეთანხმებულ სესხის პირობებს, კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსებაში მონაწილე ინვესტორებთან მიღწეულ შეთანხმებებს, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის – პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო 520 მილიონი დოლარით დაფინანსების ხელმოწერილ ხელშეკრულებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სამინისტროს ფრანგულ სამშენებლო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 15 აგვისტოს ჩააბარა. ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა. ის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორია და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, ჰოლანდიურ „ეიბიბისთან“ (ABB) და ქართულ „სიარპისთან“ (CRP) ერთად შეასრულებს.

რაც შეეხება ამერიკულ „კონტი ჯგუფს“, ის ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები