დიმიტრი ხუნდაძე: დროა, სწორი დასკვნები არა „ნაცმოძრაობისა” და მათი ლიდერის მონაყოლიდან, არამედ იქედან გავაკეთოთ, რა შედეგით დასრულდა ეს ყველაფერი
“დროა, სწორი დასკვნები გავაკეთოთ არა „ნაციონალური მოძრაობისა” და მათი ლიდერის მონაყოლიდან, არამედ იქედან, რას და როგორ აკეთებდნენ ისინი და რა შედეგით დასრულდა ეს ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბოლოო ბრძოლაც განწირული იქნება მარცხისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” ძალაუფლების მოსაპოვებლად ნებისმიერი ფასის გადამხდელია, თუნდაც ეს ქვეყნისა და საზოგადოების ყოფნად ღირდეს.
„მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საომარ მოქმედებებში რომ იმ მიზნით ჩართულიყო, რასაც გვიყვება, თითქოს, ის ქართული სახელმწიფოს ერთიანობას იცავდა, მიუხედავად განცდილი მარცხისა, მის ბრალეულობას არავინ შეეხებოდა. მაგრამ ვითარება სხვაგვარად იყო. მისი პოლიტიკური ფასი და სანდოობა საზოგადოებაში ადეკვატურად დაბალი იყო და ამ ვითარების გამოსასწორებლად ყველაზე სახიფათო გზა აირჩია. რუსეთს დანაშაულებრივ ქმედებაში ხელი შეუწყო და, მიუხედავად მსოფლიო ლიდერების არაერთი გაფრთხილებისა, შეიარაღებული კონფლიქტის აქტიური მონაწილე გახდა და „წაგებული თამაში” დაიწყო. წააგო, რა თქმა უნდა, ქვეყანამ, სარგებელი კი მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღეს. საზოგადოების პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშა და ამით „ქვეყნის მხსნელისა” და „მებრძოლის” იმიჯი მოირგო. როგორც ისინი ამბობენ, „სუნთქვა გაუმჯობესდა” და, 2008 წელი აგვისტოს უმძიმესი დღეების მიუხედავად, „ზეიმიც შედგა”.
პირადად მათ საზეიმო ნამდვილად ჰქონდათ, ქვეყანამ კი ლამის „სუნთქვა გააჩერა”. რეალურად კი მივიღეთ კიდევ მეტი და უფრო მყარად ოკუპირებული ტერიტორია, გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეები, დაღუპული, გმირი მებრძოლები და საერთაშორისო ასპარეზზე შერყეული იმიჯი. გაეროს უშიშროების საბჭოზე კი, უჩვენოდ, რუსეთი წარდგა. კონფლიქტის მოგვარებას უფრო მეტად დავშორდით.
ამიტომ დროა, სწორი დასკვნები გავაკეთოთ არა „ნაციონალური მოძრაობისა” და მათი ლიდერის მონაყოლიდან, არამედ იქედან, რას და როგორ აკეთებდნენ ისინი და რა შედეგით დასრულდა ეს ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბოლოო ბრძოლაც განწირული იქნება მარცხისთვის.
„ნაციონალური მოძრაობის” საქმისადმი დამოკიდებულება ზედაპირზე დევს. ისინი ძალაუფლების მოსაპოვებლად ნებისმიერი ფასის გადამხდელები არიან, თუნდაც ეს ქვეყნისა და საზოგადოების ყოფნად ღირდეს. ჩვენ ასეთი „სახიფათო თამაშის” მომსწრე რამდენიმე კვირის წინაც გავხდით”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.