ოთარ კახიძე: პოლიტიკურ პარტიებში თვითრეგულირების გარკვეული მექანიზმები უნდა შეიქმნას

“სიძულვილის ენის რეგულირებას სჯობს პოლიტიკური ეტიკეტის მიდგომების შემუშავება და პარტიებში თვითრეგულირების გარკვეული მექანიზმების შექმნა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე საუბრობს.
„ანტირეკლამა არ არის მარეგულირებელი კომისიისა და ხელისუფლების საკონტროლებელი. რაც შეეხება სიძულვილის ენას – უფრო სწორი მიდგომა იქნება, თუ პოლიტიკური ეტიკეტის მიდგომებს შევიმუშავებთ და პოლიტიკურ პარტიებში შეიქმნება თვითრეგულირების გარკვეული მექანიზმები, იარსებებს საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა, სავალდებულო იქნება მსჯელობა და შედეგების ვებგვერდზე გამოქვეყნება. ეს უფრო სწორია, ვიდრე კანონმდებლობაში ბუნდოვანი ჩანაწერის გაკეთება. თუ მკაფიო განმარტება იქნება, რომელსაც სხვა მიმართულებით ყური ვერ მოებმება, შემოგვთავაზონ. ბუნდოვანი დეფინიციაა, არ ვართ მომხრე, ოპონენტებს დაუწესონ საუბრის სტილი და მანერა.
მარეგულირებელი კომისია არის ხელისუფლების გაგრძელება და არ შეიძლება, კეთილშობილური ზრახვებით იყოს შეფუთული ეს ჩანაწერები. ეს შორს წასვლას ნიშნავს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
საარჩევნო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღესაც გრძელდება. გუშინდელ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი გააცნო საზოგადოებას.
აღნიშნული ცვლილებებიდან ერთ-ერთი შეეხება პოლიტიკური პარტიების ანტირეკლამას. სარეკლამო რგოლში ანტირეკლამის შემცველი ელემენტები 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები