შალვა ნათელაშვილი: ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი “რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სტრასბურგის სასამართლოს ქრთამის აღებასა და გადაწყვეტილების გაყალბებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, გადამწყვეტი როლი მოსამართლე ლადო ჭანტურიამ და პრორუსული ქვეყნების მოსამართლეებმა ითამაშეს.
“თავიდანვე აღვნიშნავ, რომ “რუსთავი-2″ კი არა, სი-ენ-ენ-ი და ბი-ბის-იც რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა, მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, ფულის ჩამომტარებლად. ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა მარტო, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ, ასევე, ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან წარდგენილი მოსამართლეებიც”, – დაწერა ნათელაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.