იაროსლავ სუმბაევის მოსკოვში ექსტრადირების პროცესი დროებით შეჩერდა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის მოსკოვში ექსტრადირების პროცესი დროებით შეაჩერა.
როგორც “კვირას” საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ექსტრადირების ნაწილი უზენაესმა სასამართლომ უცვლელი დატოვა, თუმცა დროებით შეაჩერა, რადგან პარალელურად სააპელაციო სასამართლო სუმბაევისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციაში რუსეთის მოქალაქის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია დასაშვებად ცნო.
რუსი ჰაკერის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალი ედება თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში.
ამავე დროს, „ბიბისის“ ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ 28 წლის სუმბაევს კავშირი აქვს მოსკოვის ოლქში ადვოკატ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან.
კერძოდ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ სუმბაევი ჰაკერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც რუსეთის რკინიგზის ბილეთების გაყიდვით დაკავებული კომპანიების ფოსტას ტეხდნენ, ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან თაღლითური გზით თანხებს იპარავდნენ. რკინიგზის ბილეთებით თაღლთობის სქემა გამომძიებელ ევგენია შიშკინას ჯგუფმა გახსნა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე, სასამართლო პროცესის დაწყებამდე 19 დღით ადრე, ის საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც მოკლული შიშკინას ოჯახის ადვოკატი, ალექსანდრ კარაბანოვი აცხადებს, სუმბაევი მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია. გამომძიებლის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს თავად სუმბაევის დაცვის მხარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები