ზვიად ძიძიგური: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების და მისი მინისტრის მოქმედება ლეგიტიმური იყო

პარლამენტარი ზვიად ძიძიგური 20-21 ივნისის ღამეს იხსენებს და აცხადებს, რომ შს მინისტრის მოქმედება იმ ღამეს სავსებით ლეგიტიმური იყო და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ემსახურებოდა.

მისი თქმით, ქვეყანას ძალოვანი უწყებები იმიტომ ჰყავს რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები აღკვეთოს.

„მინდა „საქართველოს კონსერვატიული პარტიისა“ და პარლამენტში შემავალი ფრაქციის სახელით განვაცხადო – საქართველოს და მის მოსახლეობას არ აქვს მოკლე მეხსიერება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენი უახლესი ისტორია, რომელიც ორჯერ, ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში გამოიხატა. ერთხელ ეს იყო 1992 წლის სისხლიანი გადატრიალება, რომელიც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე იმსხვერპლა. მეორედ ეს იყო „ვარდების რევოლუცია“, რომელიც სწორედ პარლამენტის შენობაში ძალადობრივი შეჭრის გზით განხორციელდა. ორივე შემთხვევაში საქართველო და მისი მოსახლეობა დარჩა მხოლოდ წაგებული და დაზარალებული. ამიტომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი მას შემდეგ, რაც „ვარდების რევოლუცია“ დამთავრდა, ყველა თავისი პოლიტიკური აქტივობის დროს იყო შეთანხმებული და ჩამოყალიბებული, რომ ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური და კანონიერი გზა არსებობს – ეს არის არჩევნები. ამისკენ მოუწოდებს „კონსერვატიული პარტია“ და ბევრი სხვა პარტიაც მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ არჩევნების გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს პოლიტიკურ განვითარებას.

20-21 ივნისის ღამეს ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, უწყვეტი კადრებით მიდიოდა, როგორ იყო შეტევა პოლიციის კორდონებზე პარლამენტის შენობის დასაკავებლად. ეს არის სრულიად დაუშვებელი და ძალოვანი უწყებები იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები აღკვეთოს.

ვაცხადებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, მისი მინისტრის მოქმედება იმ ღამეს იყო სავსებით ლეგიტიმური, ემსახურებოდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს; ემსახურებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნებისა და სახელმწიფოს განვითარების საქმეს, და ვფიქრობ, მოთხოვნა გახარიას გადადგომის შესახებ არის ემოციურ ნიადაგზე დაფუძნებული, ან პოლიტიკური ოპონენტების სურვილი.

რაც შეეხება იმას, რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რამდენად ადეკვატური იყო პოლიციის ცალკეული თანამშრომლების საქმიანობა – ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პირველ რიგში, ქართველ საზოგადოებასთან ერთად, სწორედ ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა პერსონა, რომელმაც იმ დღეს თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. ამავე დროს ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის, ნახოს ვინ იყვნენ პოლიციაზე ორგანიზებული შეტევის მოთავეები. ვფიქრობ, რომ ამას გამოძიება პასუხს გასცემს, პროცესები არის სამართლებრივ სიბრტყეში გადასული და ეს ყველაფერი სასამართლოთი დასრულდება, რომლის განაჩენით ყველაფერს გაეცემა თავისი პასუხი“. – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები