სალომე ზურაბიშვილი: უნდა დავაკაკუნოთ ყველა კარზე და ყველა კარი უნდა გაიხსნას ჩვენ წინაშე, მეტი ევროპული დემოკრატია უნდა დავამყაროთ საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში მეტი ევროპული დემოკრატია უნდა დამყარდეს. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა, ასევე, მეტად უნდა იყოს ჩართული ევროეკონომიკაშიც.
„მე სწორედ იგივე მინდა ჩემი ქვეყნისთვის და ნაკლებზე თანახმა არ ვართ. რა თქმა უნდა, ევროპასაც აქვს თავისი წინააღმდეგობები, იგივე “ბრექსიტი”, მიგრაციის პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ევროკავშირი. ფაქტობრივად, ევროპასაც სჭირდება საკუთარი თავის რეფორმირება. სრულიად ნათელია, რომ ევროპის საზოგადოებრივი აზრი მიმართულია, ძირითადად, შიდა მოწყობის გაუმჯობესებაზე და ევროკავშირი დღეისათვის არ ფიქრობს ახალი წევრების მიღებაზე. მაგრამ ჩვენ კოლექტიურად მაინც ​​მამაცები და ამბიციურები უნდა დავრჩეთ და ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ, როცა ვსაუბრობთ პარტნიორობის ახალი კურსის გაგრძელებასა და გაძლიერებაზე. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, მაგრამ შევდივართ პარტნიორობის ახალ ფაზაში, ვერ გავჩერდებით, ვერც ტემპს შევანელებთ. ჩვენ უნდა გავაღრმაოთ მიმდინარე პარტნიორობა და რაც შეიძლება ახლო ურთიერთობებზე უნდა გადავიდეთ. ეს ყველაფერი კი უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს სრულ მონაწილეობას ​ევროპოლიტიკაში, უფრო მეტ ჩართულობას ევროეკონომიკაში. უფრო მეტი ევროპული დემოკრატია უნდა დავამყაროთ საქართველოში და უნდა გამოვიყენოთ ყველა ეს ახალი შესაძლებლობა. უნდა დავაკაკუნოთ ყველა კარზე და ყველა კარი უნდა გაიხსნას ჩვენ წინაშე. ამის შედეგად, ჩვენ უცბად აღმოვაჩენთ, რომ საქართველო მზად არის წევრობისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები