ვახტანგ ჭარაია: საინვესტიციო საბჭოს წევრები ის ხალხია, რომლის ნდობაც ჩვენ შეგვიძლია

,,საინვესტიციო საბჭოს წევრებს აქვთ კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა მოიქცნენ, რა უნდა გააკეთონ, რა არ უნდა დაუშვან. მათ უკან არის ათეულობით წლის გამოცდილება და ეს დოკუმენტურადაც დასტურდება“, – აცხადებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ვახტანგ ჭარაია და საინვესტიციო საბჭოს წევრებზე საუბრობს.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, საინვესტიციო საბჭოს უცხოელ წევრებს იმ ქვეყნებში, სადაც ისინი საქმიანობდნენ, საპენსიო ფონდის განვითარებაში დიდი გამოცდილება აქვთ და მათი ნდობა შესაძლებელია.
„საინვესტიციო საბჭოს წევრებს თავიანთ ქვეყნებში საპენსიო ფონდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი გამოცდილება აქვთ და არა მხოლოდ საპენსიო ფონდების, არამედ კაპიტალის ბაზრებზე, საბანკო სექტორში მონაწილეობის ათეულობით წლის გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, ეს ის ხალხია, რომლის ნდობაც ჩვენ შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, მათ არ შეუძლიათ, თავიანთი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილებები იმიტომ, რომ პირველ ეტაპზე პირველი ხუთი წელი ვალდებულებაც კი არის საკანონმდებლო დონეზე, რომ კაპიტალის 80%, რაც მათ ექნებათ, უნდა დააბანდონ ადგილობრივ რესურსებში, ხოლო 20% გატანა შეუძლიათ საზღვარგარეთ. 5 წლის მერე უკვე რა ნაბიჯებს გადადგამენ, ეს უფრო საინტერესო იქნება“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ექსპერტმა დღევანდელ შეხვედრაზე პირადად მოისმინა საინვესტიციო საბჭოს წევრების მოსაზრებები, რის შემდეგაც განაცხადა, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა განავითარებს კაპიტალის ბაზარსა და კომპანიებს მეტად გამჭვირვალეს გახდის.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები ეკონომიკის ექსპერტებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მესამე სექტორის შეკითხვები საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას, ინვესტირების ნაწილსა და კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეეხო.
ექსპერტებმა საბჭოს სრული შემადგენლობა პირადად გაიცნეს და ამოქმედებულ რეფორმაზე დისკუსია გამართეს. საბჭოს წევრების მიმართ შეკითხვები საინვესტიციო სექტორებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ დაისვა.
შეხვედრა “სექტორი 3-ის” ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები