ლევან ნიკოლეიშვილი: მტრულ ძალას უნდა ებრძოლო შესაბამისად, ხელისუფლებას კანონი აძლევს ამის შესაძლებლობას

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” “მტრულ ძალას” უწოდებს და აცხადებს, რომ ის მტრობს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ – სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” შეძლო, პოლიტიკური და ეკონომიკური რყევები გამოეწვია ქვეყანაში. ამ მტრულ ძალას აქვს შემუშავებული სცენარი, გეგმა, თუ როგორ უნდა შეუშალოს ხელი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და სტაბილურობას, ამ გეგმის სლოგანი კი შეიძლება, ასე ჟღერდეს – “რუსი ჯარისკაცი რუსი ტურისტის ნაცვლად”, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის” თოქშოუში “პირისპირ” ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, ამ “მტრულ ძალას” არ ესიამოვნა ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ის, რომ დასავლურმა ქვეყნებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს.
“ეს არ არის ძალა, რომელიც მტრულად არის განწყობილი მხოლოდ ხელისუფლების მიმართ; ეს არის ძალა, რომელიც ემუქრება მთლიანად სახელმწიფოსა და მოქალაქეებს. ჩვენ გვქონდა სიტუაცია, როდესაც ქვეყანა ეტაპობრივად ვითარდება, ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ის, რომ საქართველოს ძალიან ბევრი დასავლური ქვეყანა აღიარებდა, როგორც უსაფრთხო ქვეყანას. როგორც ჩანს, ამ ძალას სწორედ ეს არ ესიამოვნა და გადაწყვიტა, არეულობა ყოფილიყო შეტანილი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაში”, – აცხადებს ექსპერტი.
ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, მტრულ ძალას სახელმწიფო უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისად.
“მტრულ ძალას უნდა ებრძოლო შესაბამისად. ხელისუფლებას კანონი აძლევს ამის შესაძლებლობას, ვინც არის დამნაშავე, უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად. მათ პასუხი უნდა აგონ კანონისა და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ არის ძალა, რომელიც ეომება ხელისუფლებას, სახელმწიფოს”, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები