ოთარ ტატიშვილი – “ორანჟერეის მოწყობა გადასარევი იდეაა”
ექიმი და მსახიობი, ოთარ ტატიშვილი დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ავტომომსახურების ცენტრის ადგილას ორანჟერეის მოწყობის იდეას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება სასიკეთო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის ავტოსალონში დასაქმებული ადამიანების უმუშევრად დარჩენას არ გამოიწვევს. მისივე აზრით, ქალაქს გამწვანება, დღესდღეობით, ძალიან სჭირდება.
“რა თქმა უნდა, მივესალმები გამწვანებას, რომელიც მეტ ჟანგბადს მოუტანს ქალაქს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომომსახურების ცენტრში დასაქმებული ადამიანები უმუშევრად და ულუკმაპუროდ არ დარჩებიან. თუ მათ დასაქმების ალტერნატივა აქვთ, მაშინ ამ პროექტის განხორციელება გადასარევი იქნება. კარგია, რაც მეტი ფილტვი ექნება სასუნთქად ქალაქს, სადაც შეგიძლია, ოჯახთან ერთად წახვიდე და ბავშვი გაასეირნო”, – მიიჩნევს ოთარ ტატიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, დიღმის ტყე-პარკთან მდებარე “კია მოტორსის” ავტოსალონი საგამოფენო ორანჟერეით უნდა ჩანაცვლდეს. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დამტკიცდა. პროექტის თანახმად, ავტომომსახურების ცენტრის დემონტაჟი მოხდება და მის ადგილას განთავსდება შენობა, რომლის ინტერიერი და ექსტერიერი ერთი მთლიანი ლანდშაფტური ზონა გახდება. რაც შეეხება ავტოსალონში დასაქმებულ ადამიანებს – “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი, რომელსაც ხსენებული ფართი ნაქირავები აქვს, ფუნქციონირებას, თანამშრომლებთან ერთად, სხვა ადგილას გააგრძელებს.
პროექტის განხორციელება არცერთი ხის მოჭრას გულისხმობს. მეტიც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაირგვება 150-მდე ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარეები, რომლებიც დიღმის ტყე-პარკში არ გვხვდება.
საერთო სარგებლობის ორანჟერეა მულტიფუნქციური იქნება და, რეკრეაციული კომპონენტის პარალელურად, გასართობ-დასასვენებელ სივრცეებსაც მოიცავს. მოსახლეობა აქ ნებისმიერ ამინდში შეძლებს, ისეირნოს, დაისვენოს, გაერთოს და დაესწროს სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენას.
პროექტის ფარგლებში, უნდა დამონტაჟდეს სარწყავი სისტემა, შენობა კი მინით გადაიხურება, რათა მცენარეებამდე მზის სხივებმა მიაღწიოს. ტერიტორიაზე გაკეთდება შადრევანი, ქვაფენილიანი ქუჩა და მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცე, ასევე, ის ძველი თბილისის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით გაფორმდება.
პროექტის მიზანი ეკოლოგიური და საპარკე ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან ორგანულად შერწყმაა.