ქუთაისში, საცხოვრებელი სახლის სახურავში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე 2-სართულიანი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 8 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანა, 1 ავტოკიბე და ცოცხალი ძალა 25 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე 2-სართულიანი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება, ასევე, მოსახლეობის ევაკუაცია. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და სხვენის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.
ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.