დავით ჭიჭინაძე: პირდაპირ ჩანს, ვის ინტერესშია ლარის ასეთი არასტაბილურობა
“ნაკლებად არის ეკონომიკური, უფრო არის სპეკუალციური მოვლენები”, – ამის შესახებ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მოძრაობა „სახალხო ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ბანკირები ასწრებენ თავისას, კარგად ვაჭრობენ, 10 პუნქტით ზემოთ, 10 პუნქტით ქვემოთ
სამწუხაროდ, ვერასდროს ვიგებთ ვერც მთავრობისგან, ვერც ეროვნული ბანკისგან ზუსტ მიზეზებს, რატომ უფასურდება ლარი. ყოველთვის ვამბობ, ნაკლებად არის ეკონომიკური, უფრო არის სპეკულაციური მოვლენები. გინახავთ კურსის რყევების გამო შემოსავლებდაკარგული ფინანსური ორგანიზაცია? მე არ მინახავს. მათი შემოსავლები მხოლოდ იზრდება, მოსახლეობა კი კარგავს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ჩანს, ვის ინტერესშია ლარის ასეთი არასტაბილურობა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
დეპუტატი ტურიზმთან დაკავშირებულ რუსულ სანქციებსაც გამოეხმურა. თავდაპირველად, რუსეთის ხელისუფლებამ ტურისტებს ურჩია, თავი შეეკავებინათ საქართველოში ვიზიტისგან, რადგან “დაცულები არ იქნებოდნენ”. მალევე, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.
„ძალიან საინტერესოა: როცა ტურისტული სეზონი დაიწყო, ლარის კურსი დაეცა, ამბობდნენ, ეს ტურიზმთან დაკავშირებული არ არისო. ახლა, როცა განცხადება გაკეთდა და ჯერ ტურისტებსაც კი არ დაუტოვებიათ, ლარის კურსმა რყევა რომ დაიწყო, ამბობენ, ტურიზმთან დაკავშირებულიაო.
რუსეთი რომ ამას დააწესებდა, ახალი იყო? გავიხსნეოთ, როცა თურქეთსა და რუსეთს შორის 2015 წელს დაპირისპირება მოხდა, როცა თვითმფრინავი ჩამოუგდეს თურქებმა, რუსეთმა პირველი რაც გააკეთა, თავისი თვითმფრინავები ჩაკეტა და თურქეთში აღარ გაუშვა. თურქეთი მაშინ მაგას ამბობდა, რომ 6 თუ 10 მილიარდზე მეტი შემოსავალი დაგვეკარგებაო . ეს თურქეთისთვისაა სერიოზული პრობლემა და ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას სერიოზულ პრობლემას რომ შეუქმნიდა, რა თქმა უნდა, ეს ახალი ამბავი არ არის.
განცხადებებს, რომ, თურმე, უნდა მივეჩვიოთ რუსი ტურისტების გარეშე ცხოვრებას და რუსეთში ღვინის გაყიდვაც არ უნდა იყოს ჩვენთვის პრიორიტეტი, ვეთანხმები, კარგი მოთხოვნაა, მაგრამ როგორ?”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
თამუნა შეყილაძე