ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 6 ივლისს, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართება.
აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ჩაატარებენ.
ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან, დიღომში, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1 იწარმოებს.
ცნობისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.