კახა კალაძე: 10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოიყოფა სივრცე, სადაც ტაქსის ნებართვის მფლობელებს შეუძლიათ, ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით
“10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოიყოფა სივრცე, სადაც ტაქსის ნებართვის მფლობელებს შეუძლიათ, მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, ტაქსის ნებართვის მფლობელებს შეეძლებათ არჩევა, თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება.
„როგორც იცით, პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი და ამოქმედდება ორი კატეგორიის ნებართვა, A და B. A კატეგორია არის თეთრი ფერის, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსი, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის და შეკვეთას იღებს აპლიკაციის ან სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე. პირველი ივლისიდან დავიწყეთ აღნიშნული ტაქსების კატეგორიებად დაყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსის ნებართვის მფლობელი სისტემაში უთითებს, თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება. ამ პროცესში ერთვება იუსტიციის სახლი და დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო იუსტიციის მინისტრს თანამშრომლობისთვის. 10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოიყოფა სივრცე, სადაც ტაქსის ნებართვის მფლობელებს შეუძლიათ, მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.