კახა კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდება
“გვინდა, კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვიტანოთ ზონალური პარკირება. იმედი მაქვს, წარმატებით ჩაივლის ეს პირველი პროექტი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, პარკირების აღნიშნული სისტემა კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.
მერის განმარტებით, კოტე აფხაზის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანებისთვის ავტომობილების გაჩერება უფასო იქნება.
“პირველ ყოვლისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ კერძო ავტომობილი უნდა დაარეგისტრიროს სისტემაში. ეს შეუძლია სახლიდან გაუსვლელადაც. თუმცა, რადგან სიახლეა, ლესელიძის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მივიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია, როგორ უნდა მოხდეს რეგისტრაცია, იქ მყოფი ადამიანები ყველაფერს აუხსნიან. დარწმუნებული ვარ, წარმატებით განხორციელდება ეს პროექტი, შემდეგ კი ეტაპობრივად გადავალთ სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენ რაღაც სიახლეს არ ვიგონებთ, უბრალოდ, გვინდა, განვითარებული ქალაქების საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ ჩვენს ქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.