აღემატება თუ არა ნიტრატების შემცველობა ნორმას ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში – სეს-ის განმარტება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების ნორმის განსაზღვრის მიზნით ნიმუშებს იღებენ. სეს-ის ცნობით, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.
„საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 80-მდე ნიმუში, მათ შორის, სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით – საზამთროსა და ნესვის ნიმუშები. არსებული მონაცემებით, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სარეალიზაციო ბაზრის კონტროლსა და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ნიტრატების განსაზღვრის მიზნით, წლის ბოლომდე 200-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი“, – აცხადებენ სეს-ში.