საგარეო უწყება: აზერბაიჯანი ჩიჩხიტურთან არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს
“ბოლო დღეებში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურთან ბილიკის გაყვანა დაიწყო, არ შეესაბამება რეალობას”, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ადგილზე მიმდინარეობს უკვე არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოები აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად/ქედს მიღმა მდებარე ტერიტორიაზე.
“აზერბაიჯანთან სადელიმიტაციო სამუშაოები – გარკვეული პაუზის შემდეგ – გაგრძელდა ორმხრივი კომისიის შემადგენლობის განახლებისთანავე და მორიგი შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის დედაქალაქში, რომელიც ჩატარდა კონსტრუქციულ, სამუშაო ატმოსფეროში – სრულ შესაბამისობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს ურთიერთობებთან. შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, კომისიის ექსპერტების მიერ შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივ დათვალიერებასა და აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე. ამ დროისათვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან მომდევნო სამუშაო შეხვედრის თარიღის განსაზღვრაზე. საზღვრის სადელიმიტაციო/სადემარკაციო სამუშაოების საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს მხარეებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და ყველა საკითხი – როგორც შინაარსობრივი, ასევე, საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათისა – წყდება ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში. რაც შეეხება ბოლო დღეებში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო ბილიკის გაყვანა – ეს არ შეესაბამება რეალობას; ადგილზე მიმდინარეობს უკვე არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოები, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად/ქედს მიღმა მდებარე ტერიტორიაზე, რაც არანაირად ახდენს გავლენას არსებულ „სტატუს ქვოზე“. აქვე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში აქტიურ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და უსაფუძვლო საჯარო განცხადებებისაგან, რამაც შესაძლოა, დააზიანოს პროცესი”, – განუცხადეს “კვირას” საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.