გავრილოვი: რუსეთმა საქართველოს ყველა იმ ადამიანის დასჯა უნდა მოსთხოვოს, ვინც მე და ჩემს კოლეგებს გვემუქრებოდა (ვიდეო)

რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი 20 ივნისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოს მთავრობას ყველა იმ ადამიანის დასჯა უნდა მოსთხოვოს, ვინც მას და მის კოლეგებს ემუქრებოდა. ამის შესახებ გავრილოვმა “ევრონიუსის” რუსულ გამოცემასთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა.
“ვიმედოვნებ, რუსეთი საქართველოს მთავრობას ყველა იმ ადამიანი დასჯას მოსთხოვს, ვინც მე და ჩემს კოლეგებს გვემუქრებოდა. ეს, რა თქმა უნდა, თვითონ საქართველოსთვის იქნება კარგი, რადგან ბოლო დღეებში  თბილისში არსებული ვითარება ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოებაში სახელს უტეხს”, – თქვა დუმას კომუნისტმა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისის პარლამენტში “მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის” 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელსაც სერგეი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან უძღვებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციონერი დეპუტატები და მოქალაქეები გააღიზიანა და საპროტესტო აქციებიც ამავე დღეს დაიწყო.
საღამოს მშვიდობიანი აქცია სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. საპროტესტო აქციები თბილისში მეექვსე დღეა, მიმდინარეობს. მონაწილეების მთავარი მოთხოვნებიდან ორი – პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა და 20 ივნისს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება – უკვე დაკმაყოფილდა. დემონსტრანტების მესამე მოთხოვნა საქართველოს შსს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები