გია ვოლსკი: ვერდიქტი არ გამოგვაქვს, როცა საქმე ეხება სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულს, დეპუტატი არ უნდა სარგებლობდეს იმუნიტეტით
პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არაა ვერდიქტის გამოტანა ამ ადამიანისთვის. მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულს, დეპუტატი არ უნდა სარგებლობდეს იმუნიტეტით.
„როდესაც ასეთ დანაშაულზე, თუნდაც, შესაძლო დანაშაულზე არის საუბარი, არცერთი დეპუტატი უნდა სარგებლობდეს იმუნიტეტით. დღეს მომაგონდა ტელეფონში ირაკლი ბათიაშვილის ნათქვამი სიტყვები. ის კოდორის ხეობაში დააკავეს და შვიდი წელი მიესაჯა გადატრიალების ხელშეწყობისათვის. მე არ ვამბობ, რომ იგივე განმეორდება იმიტომ, რომ სასამართლო გადაწყვეტს ამას.
არის ადვოკატი, არის სასამართლო დავა. პარლამენტს, კომიტეტებს არ გამოაქვთ რაიმე სასამართლოს გადაწყვეტილება ან სასჯელის ზომას არ უსჯის, ვერდიქტი არ გამოგვაქვს ამ ადამიანისათვის და ეს არ არის სასჯელის განსაზღვრა. პროცედურა დავიცავით, რომელიც პროკურატურას აძლევს საშუალებას, წაიყვანოს ის პროცედურა, რომელიც ამ უბედურების ჟამს დაგვატყდა თავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.