კახა კალაძე: “მრგვალი ბაღის” სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ვაკის რაიონში მდებარე “მრგვალი ბაღის” რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება. მან კონტრაქტორი კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ შემდგომში არაკეთილსინდისიერად მოქცევას ტენდერის ჩაშლა სჯობს.
„ვაკის რაიონში “მრგვალი ბაღის” სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. იცით, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც “მრგვალ ბაღში” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, დათხოვნილ იქნა, რადგან დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებდა. სამწუხაროდ, არის ასეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და ვერ ასრულებენ სამუშაოებს, რასაც ძალიან დიდი ნეგატივი და საზოგადოების მხრიდან გულისწყრომა მოჰყვება. ეს ზუსტად ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთვის, მთავრობისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ყველა გვადანაშაულებს ჩვენ. მოსახლეობას არ აინტერესებს, რომ ეს კონტრაქტორის ბრალია, ის ვერ ასრულებს მოვალეობას თუ არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად მუშაობს. საზოგადოებას ამას ვერც აუხსნი იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, კომპანიებმა ნორმალურად იმუშაონ. მესმის, რომ რთულია, რადგან ეს ყველაფერი ხდება ტენდერის მეშვეობით, თუმცა მუშაობის დროს საჭიროა მეტი ყურადღება. ასეთივე პრობლემა გვქონდა გლდანში პარკის მშენებლობის დროს, იქაც ანალოგიური დამოკიდებულება იყო – ვერ ასრულებდა კომპანია სამუშაოებს და ისიც დავითხოვეთ; ასევე, ბუშის ქუჩაზე სამუშაოების დროს, მაგრამ ეს ჩვენ გვაზიანებს. ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც თავიდანვე ვიცით, რომ ვერ შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას. ჯობს, ჩაიშალოს ტენდერი და დრო დაიკარგოს ახალი ტენდერის გამოცხადებაში, ვიდრე ასეთმა კომპანიებმა გვაწვალონ, აწვალონ ხალხი და ამან დისკომფორტი და გაღიზიანება გამოიწვიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები