სულხან სალაძე: პარლამენტში შესვლის მცდელობას გამართლება არ აქვს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს – საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, პოლიციელებისთვის ინვენტარის წართმევას და მათთვის წყლის ბოთლების სროლას გამართლება არ აქვს. მისივე განცხადებით, ამგვარი ქმედებები საქართველოს მთავარი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ის, რაც ჩვენ ვნახეთ დღეს დილით საქართველოს პარლამენტში, ამას, რა თქმა უნდა, არ აქვს არანაირი გამართლება. ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში – ეს იყო პრაქტიკულად უთავმოყვარეობის და სახელმწიფოსთვის ლაფის დასხმა. ამიტომაც ცხადია, ამაზე პასუხი უნდა აგონ შესაბამისმა პირებმა. თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ ცოტა ხნის წინ რა პროცესიც ვნახეთ აქ პარლამენტის წინ, ცხადია, ეს პროტესტი არის აბსოლუტურად გულწრფელი ადამიანების, რომლებიც ითხოვდნენ კონკრეტული პირების როგორც პასუხისგებას, ასევე ინფორმაციას, თუ რა პროცესს ჰქონდა ადგილი, ეს იყო ერთი მხარე ამ პროტესტის, მაგრამ ასევე ჩვენ ძალიან მალე ვნახეთ ცოტა ხნის წინ, რომ იყო ერთგვარი მცდელობა პარლამენტში შესვლის, რასაც აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს. პოლიციელებისთვის ინვენტარის, აღჭურვილობის წართმევის მცდელობა ან წყლის ბოთლების სროლა, ამას არანაირი გამართლება არ აქვს.
მნიშვნელოვანია, ორივე მხარე განსაკუთრებით ყურადღებით იყოს, პოლიტიკოსებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამ პროცესზე, რაც ახლა ხდება პარლამენტის შესასვლელთან, რუსთაველის ქუჩის მხრიდან. რამე ფორმით აქ მოვლენების ესკალაცია ან გართულება, ცხადია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს მდგომარეობას და ეს არის მხოლოდ ერთადერთი ქვეყნის, საქართველოს მტრის ინტერესის სფეროში“, – განაცხადა სულხან სალაძემ.