სტუ-ის პროფესორი, რამაზ ქაცარავა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, რამაზ ქაცარავა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსი) აირჩიეს.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ცნობილი მეცნიერისთვის ,,მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის’’ სპეციალობით აკადემიკოსის ტიტულის მინიჭება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ფარული კენჭისყრით მიმდინარე წლის 17 ივნისს მოხდა.
რამაზ ქაცარავამ თანამედროვე პოლიმერების ქიმიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მან პოლიმერების სინთეზის ახალი, მესამე თაობის პოლიკონდენსაციური („აქტივირებული პოლიკონდენსაციის“) მეთოდი შექმნა, რომელიც საერთაშორისო ლიტერატურაში როგო-რც ,,ქაცარავას მეთოდი’’ მოიხსენიება.
მან პირველმა შეიმუშავა აქტივირებულ-სილილური პოლიკონდენსაცია და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ,,სილილური’’ და „კლიკ“-პოლიკონდენსაციების განვითარებაში.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქაცარავას ფუძემდებლური კვლევები ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე უნიკალური პოლიმერების – ფსევდოპროტეინების შექმნაში, რომელიც ბიოდეგრადირებადი პოლიმერების მსოფლიო ოჯახში დღეს წამყვან პოზიციას იკავებს.
ფსევდოპროტეინების გამოყენების პერსპექტივები და კომერციული პოტენციალი დღეს უდიდესია ბიომედიცინაში, ვეტერინარიაში, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში.
რამაზ ქაცარავა ინტენსიურად თანამშრომლობს აშშ-ის, იაპონიისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და კომპანიიებთან ფსევდოპროტეინების გამოყენებისათვის „გონიერი“ მასალების, წამლის მიწოდების პლატფორმის, მიკო და ნანოსისტემების, ბიოაქტიური პოლიკატიონებისა და განწოვადი ქირურგიული მასალების სახით.
რამაზ ქაცარავა, რომელსაც 2017 წელს საუკეთესო მეცნიერის საერთაშორისო წოდება მიენიჭა, საინჟინრო აკადემიის, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოსა და ამერიკის ქიმიური საზოგადოებების, არაერთი სამეცნიერო ორგანიზაციისა და საერთაშორისო ჟურნალის რედკოლეგიის წევრია;
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის (WIPO) ოქროს მედლით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით მიღწევებისათვის ინოვაციების სფეროში, სვანტე არენიუსის საერთაშორისო პრიზით.
რამაზ ქაცარავა 450-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია, უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. მისი ხელმძღვანელობით გაზრლია 11 მეცნიერებათა კანდიდატი, 20 აკადემიური დოქტორი და 1 მეცნიერებათა დოქტორი, 30 მაგისტრი და ორი PhD კონსულტანტი აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ულოცავს რამაზ ქაცარავას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად არჩევას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები