სტუ-ში “სტუდენტური დღეები 2019-ის” სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “სტუდენტური დღეები 2019-ის” სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, „სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“ ფარგლებში 12 ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.
დღეს დილიდან უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ სასპორტო ღონისძიებებს დინამიკური მუსიკა ახლდა.
დღის განმავლობაში შეჯიბრი სპორტის შემდეგ სახეობებში ჩატარდება: ქუჩის კალათბურთი (streetball), ქუჩის ფეხბურთი (street soccer), ფრენბურთი, მჯდომარე ფრენბურთი (შშმ პირების მონაწილეობით), გრეხეთბოლი, მეკლდეურობა, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მკლავჭიდი, ნარდი, დარტსი, ბადმინტონი, მხიარული სტარტები და ე.წ ბუშტების ფეხბურთი.
ღონისძიების დასასრულ, გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში გაიმართება. ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალურ “ფეისბუქისგვერდიდან” გადაიცემოდა.
„სტუ-ის “სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით 2019 წლის 26 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ხორციელდება, სტუ-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტია.
მისი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გარემოზე ზრუნვა.
პროექტის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში 100-ზე მეტი ღონისძიება ტარდება სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულებით.
2017 და 2018 წლებში პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც სტუდენტებში, ასევე – საზოგადოების სხვადასხვა წრეში.
პროექტს „სტუ-ის სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“ მხარს უჭერს და ნაწილობრივ აფინანსებს ქ. თბილისის მერია, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც სხვადასხვა ღონისძიებაში გამარჯვებულთათვის პრიზები აქვთ დაწესებული.