ზურაბ გომელაური: ორანჟერეა დასასვენებელი, გამწვანებული და ლამაზი ადგილია

0

მხატვარი ზურაბ გომელაური დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობას მიესალმება და მიიჩნევს, რომ რაც მეტი მსგავსი სივრცე შეემატება ქალაქს, მით უკეთესია.
“სასიხარულოა… ორანჟერეა დასასვენებელი, გამწვანებული და ლამაზი ადგილია… ძალიან კარგია, თუ ტყე-პარკისთვის რაღაც გაკეთდება, ბაღი მოეწყობა, მეტი სიმწვანე იქნება და მცენარეებს დარგავენ. რაც მეტი ასეთი სივრცე განჩნდება, მით უკეთესი“,-აღნიშნავს ზურაბ გომელაური.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და, ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე   მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9-ის“ საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მამუკა ჩხაიძეა.

მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენასა და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი