“საქართველომ აჩვენა საკუთარი მზაობა, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები, იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჰქვია”

0

„რატომ ევროკავშირი? – ესტონური გამოცდილება” ამ სახელწოდებით ევროპარლამენტარ ჰანეს ჰანსოს ინიციატივით, ესტონეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ცენტრის მხარდაჭერით და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით სემინარი გაიმართა, რომლის მთავარ თემას, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
„ქვეყანამ, რომელმაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლის იუბილე აღნიშნა, შექმნა ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ეკონომიკით, რომელიც არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. ევროკავშირში ინტეგრაციის დროს ესტონეთს მოიხსენიებდნენ როგორც „იმედის ექსპორტიორს”. ესტონეთი დღესაც სამაგალითოა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს პატარა ქვეყანამ. საქართველო ახლა გადის ევროპული ინტეგრაციის რთულ გზას, ბევრად უფრო რთულ პოლიტიკურ გარემოებებში, ვიდრე ეს 15 წლის წინ ესტონეთისთვის იყო. თქვენი წვლილი, თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით. პირველ რიგში მნიშვნელოვანია თქვენი პოლიტიკური მხარდაჭერა და ამასთან ჩვენთვის საინტერესოა თქვენი გამოცდილება და ცოდნა, რომელიც შეგვიძლია გავიზიაროთ და გამოვიყენოთ “, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპარლამენტის წევრმა, ჰანეს ჰანსომ.
„ჩემი მიზანი ყოველთვის იყო მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის, რეფორმების განხორციელების პროცესში, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე, რომლის წევრიც საქართველო აუცილებლად გახდება. ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სწრაფვა არის პროცესი. საქართველომ განახორციელა რეფორმები, მიღწეულია მნიშვნელოვანი ნიშნულები ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. პროცესი კვლავ უნდა გაგრძელდეს. საქართველო არის ესტონეთის ყველაზე ახლო და იმედისმომცემი პარტნიორი. საქართველოს აქვს მოტივაცია და ამბიცია იმისა, რომ გახდეს, ევროპული ოჯახის წევრი. ჩემი სურვილია საქართველოსთან ერთად ვიყო ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა ჰანეს ჰანსომ.
საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის კაი კაარელსონის განცხადებით, ეს ღონისძიება არის ხედვებისა და მოსაზრებების ურთიერთგაზიარების კარგი შესაძლებლობა.
„ევროპული ინტეგრაცია არის რთული პროცესი, რომელსაც დიდი დრო სჭირდება და რომელშიც გარდა ხელისუფლებისა აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოება, მათ შორის, რეგიონებში მცხოვრები ადამიანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები”, – აღნიშნა დიპლომატმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
სემინარის ფარგლებში გამართულ სესიაზე ევროპული ინტეგრაციის ესტონურ გამოცდილებაზე, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საზოგადოების მოლოდინების მართვა, ევროპული რეგულაციების შემოღების შედეგები, საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება, ევროინტეგრაციის გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მეწარმეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე.
„საზოგადოების მყარი მხარდაჭერის გარეშე ევროპული ინტეგრაციის პროცესი წინ ვერ წავა. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არა მხოლოდ ხელისუფლების არამედ, თითოეული ადამიანის საქმეა. ჩვენ გვეამაყება, რომ საქართველოს მოსახლეობაში ამ პროცესის სურვილი ძალიან მაღალია”, – აღნიშნა სესიის მოდერატორმა ირინე ფრუიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ევროპული ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოქალაქეების ასეთი მყარი და ძლიერი მხარდაჭერისა, საზოგადოებაში არსებობს შიში, რომელსაც რუსეთის პროპაგანდა განაპირობებს.
„რუსული პროპაგანდის ფონზე სწორი, მართებული და სათანადო კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება”, – განაცხადა ირინე ფრუიძემ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ჰანეს რუმმა საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესი მიმოიხილა. ისაუბრა იმ მოლოდინებზე და შიშებზე, რომელიც ესტონეთის მოსახლეობის მხრიდან არსებობდა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში ესტონეთის მიერ მიღწეულ პროგრესზე.
ესტონეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ცენტრის დირექტორმა, ექსპერტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში იან რეინჰოლდიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველოს როლზე ისაუბრა.
„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის არის ფლაგმანი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის თქვენ წარმოადგენთ კარგ მაგალითს. ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, თქვენი პრაქტიკა არის აღსანიშნავი. ჩვენი სურვილია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, ბიუროკრატიასთან და კორუფციასთან ბრძოლა. დემოკრატია არის საქართველოს ძლიერი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ გახდეს ევროპის ოჯახის წევრი. ესტონეთს სურს საქართველოს ამბიციის უზრუნველყოფა. საქართველო ჩვენი მხარდაჭერის თვალსაზრისით წინა პლანზე დგას”, – განაცხადა იან რეინჰოლდიმ.
სემინარის ფარგლებში გამართულ მეორე სესიაზე, იმსჯელეს თუ რა ცვლილებებს ახდენს ევროპული ინტეგრაცია რეგიონებში მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების ცხოვრებაზე ასევე, განიხილეს ეკონომიკურ და რეგიონალურ განვითარებაზე ევროპული ინტეგრაციის შედეგები.
სესიას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ცქიტიშვილი უწევდა მოდერაციას.
ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება – დამსწრე საზოგადოებას, ესტონეთის ქ. ვილიანდის ყოფილმა მერმა ანდო კივიბერგიმ და ესტონელმა მეწარმემ პრიტ ტამიმ გაუზიარა.
სემინარის ფარგლებში დისკუსია გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებს ესტონეთის გამოცდილების გაზიარებისთვის და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„ესტონეთმა მიაღწია წარმატებას. ეს წარმატება გამოყენებადია საქართველოსთვის იმისთვის, რომ დავძლიოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ჩვენ ვიცით, რომ გვყავს მეგობრები, რომლებიც მზად არიან გაგვიზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. საქართველოს მომავალი ევროკავშირის გარეშე წარმოუდგენელია. სხვა ალტერნატივა ჩვენს ქვეყანას არ აქვს. საქართველომ აჩვენა საკუთარი მზაობა, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები, რომ იმუშაოს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჰქვია”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი