„ასეთი სახით კანონმდებლობის არსებობა, მედიის თავისუფლებას პოლიტიკური ნების ამარა ტოვებს“ – კუპრაშვილი GNCC-ის პროექტზე

ყველაზე საჩოთირო, სადავო და დილემის მატარებელი ამ კანონპროექტში გახლავთ სწორედ მედიის თვითრეგულირებიდან მედიის რეგულირებაში გადასვლის ეტაპი, – ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა აუდიო-ვიზუალური მედიის შესახებ კანონპოექტზე საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კომუნიკაციების კომისიის ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმის მუშაობის პრინციპი შეიცვლება. როგორც კომისიაში აცხადებენ, „თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას და მაუწყებლები მეტი პასუხიმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს”.
როგორც ნათია კუპრაშვილი აცხადებს, ასეთი სახით კანონმდებლობის არსებობა, საბოლოო ჯამში, მედიის თავისუფლებას პოლიტიკური ნების ამარა ტოვებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ აუდიო-ვიზუალური მედიის შესახებ კანონზე , რომელიც ანაცვლებს მაუწყებლობის შესახებ კანონს. შესაბამისად, მისი სახელიდან გამომდინარე ცხადია ფართოვდება ველი, რომელსაც შესაძლოა არეგულირებდეს ეს კანონი, იმიტომ, რომ ეხება მაგალითად ვიდეოს გამოძახებით რაცაა ინტერნეტმომსახურება. თუმცა, ყველაზე საჩოთირო, სადაო და დილემის მატარებელი ამ კანონპროექტში გახლავთ სწორედ მედიის თვითრეგულირებიდან მედიის რეგულირებაში გადასვლის ეტაპი. ამას ჩვენ სხვას ვერაფერს დავარქმევთ, იმიტომ, რომ ამას ვერ ვუწოდებთ თვითრეგულირებას, ან თანარეგულირებას, რადგან საბოლოო ჯამში გასაჩივრება, გადაწყვეტილება არის სწორედ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე, ან სასამართლოზე.
განხილვის პროცესი ნამდვილად საკმაოდ ღია იყო, ჩვენ ვიყავით ჩართულები განხილვებში, ვგულისხმობ სამოქალაქო სექტორს. ამ კანონპროექტის პირველი ვერსია იყო უფრო მკაცრი, აქ საერთოდ გამოირიცხებოდა თვითრეგულირების მექანიზმი და პირდაპირ შეგეძლო, წასულიყავი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ან სასამართლოში, რომ შინაარსთან დაკავშირებით განგეხორციელებინა დავა, როცა საქმე ეხებოდა სიძულვილის ენას, ბავშვებზე მავნე ზეგავლენას, ომის, შუღლის გაღვივებას დ ა.შ. კიდევ არის გარკვეული მუხლები. შემდეგ ჩვენი შიშების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვგულისხმობ „კოალიციას მედიის ადვოკატირებისთვის“, მოხდა კანონმდებლობის გარკვეული გადახედვა, მაინც დარჩა თვითრეგულირება, ოღონდ როგორც პირველი განხილვის სივრცე. თუმცა ესეც თავისთავად ნიშნავს რომ ყველაფერი გადადის რეგულირებით ნაწილში და ჩვენ ვბრუნდებით 2009 წლამდელ მდგომარეობაში. იმიტომ, რომ კანონში პროგრამული შეზღუდვები ეწერა ყოველთვის, უბრალოდ 2009 წლამდე განხილვის პრეროგატივა ჰქონდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და 2009 წლის შემდეგ გადავიდა მედიებში. ანუ მედიებს შეუძლიათ, განიხილონ თავიანთი საქმეები თვითრეგულირებით. 2009 წლამდე როგორ მუშაობდა ეს კანონი, შეგვიძლია, შორს არ წავიდეთ და გადავხედოთ, რა ხდებოდა საქართველოში. ყველაზე ნათელი მაგალითია 2007 წლის 7 ნოემბერი, როცა კომუნუკაციების ეროვნული კომისია 3-ჯერ შეიკრიბა ერთ მაუწყებელთან დაკავშირებით, რომელსც სწორედ ომის და შუღლის გაღვივების მიმართულებით, სიძულვილის გამოყენებაში დასდო ბრალი, ეს იყო ტელეკომპანია „იმედი“ და გააფორმა მისი დახურვა. ეს მაგალითიც აჩვენებს, რომ ასეთი სახით კანონმდებლობის არსებობა, საბოლოო ჯამში მედიის თავისუფლებას ტოვებს პოლიტიკური ნების ამარა. რა პოლიტიკური ნებაც შეიძლება იყოს, სწორედ ამის მიხედვით შეიძლება, რომელიმე მედიის ბედი განისაზღვროს, რაც ძალიან პრობლემური ამბავია.
ჩვენ ამის შემდეგ გვქონდა მსჯელობები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან . კომისია აპელირებდა ევროპელ ექსპერტებზე . თუმცა, გააჩნია, როგორ დავსვამთ კითხვას – თუ ევროპელ ექსპერტებს ვკითხვათ, შეესაბამება , თუ არა აუდიოვიზუალური მედიის დირექტივას ამ მუხლების რეგულირებაში გადატანა, გეტყვიან, რომ შეესბამება, მაგრამ, თუ მათ ვკითხავთ, შეესაბამება, თუ არა დირექტივას თვითრეგულირების გაძლიერება და ამ კუთხით ეფექტური მექანიზმის შექმნა, აქაც მივიღებთ პასუხს, რომ შეესაბამება. ჩვენ სწორედ ამგვარი კითხვები, ზოგადი ანალიზი გვაქვს მიწოდებული ევროპული მხარისთვის, კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქმის კურსშია, რომ ჩვენ ველოდებით მათგან ანალიზს და კონკრეტულ დადასტურებას ამისას. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, რა სახით ჩაიწერება კანონდმებლობაში ეს ნაწილი“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ კანონი 1 ივლისამდე უნდა იქნას მიღებული, მიანიშნებს იმაზე, რომ მავანი დაინტერესებულია, ეს საკითხი ფორსირებულად განიხილოს.
„მინდა, პროცედურულ საკითხებსაც გავუსვა ხაზი. სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის დისკურსში 1 ივლისის, როგორც ერთგვარი „დედლაინის“ გაჩენა , თითქოს 1 ივლისამდე აუცილებლადაა ეს კანონი მისაღები. უნდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანას დამტკიცებული აქვს ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმა.ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით ვერსად ნახავთ თარიღს- 1 ივლისი. მე მესმის დაახლოებით, ეს თარიღი ხელოვნურად საიდან აიღეს – ეს მიმანიშნებს იმაზე, რომ მავანი დაინტერესებულია ეს საკითხი განიხილოს ფორსირებულად . კი, ბატონო, თუ ასე გვეჩქარება, შეგვიძლია, მივიღოთ აუდიოვიზუალური მედიის შესახებ კანონმდებლობა, ოღონდ თვითრეგულირებასთან შეხების გარეშე . იმიტომ, რომ აუდუოვიზუალურ დირექტივაში ვერსად წაიკითხავთ, ვინმე გვთხოვდეს რეგულირების შემოღებას მედიასთან დაკავშრიებით. იქ წერია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ეფექტური მექანიზმი . ეს მექანიზმი იქნება თვითრეეგულირება, თუ რეგულირება , ეს ქვეყნის გადასაწყვეტია.
მე იმედი მაქვს, რომ დარჩება ამ ხელისუფლებას გამბედაობა, არ გააუარესოს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ყველა მედიის, მაუწყებლის არსებობას , მის ფუნქციონირებას მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებულს ხდის.
ასევე მესმის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვინმეს ამ ქვეყანაში წართმეული აქვს მედიასთან დაკავშირებით უფლება, იდაოს სასამრთლოში. ეს არის ტყუილი, სამოქალაქო დავები მედიასთან დაკავშირებით წარმოებდა და წარმოებს ახლაც“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.
„როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დღეს ისეთი სენსიტიური და მნიშნელოვანი საკითხები, როგორიც არის სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა მოქმედი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს მაუწყებლებისთვის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებს და ასეთი საკითხები მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება.კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მიხედვით, მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, რაც ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, შეუსაბამობაშია ევრო დირექტივასთან და კანონში ცვლილებებს საჭიროებს”, – განაცხადეს კომისიაში.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები