გარუჯვის მიზეზით, დამწვრობის ცენტრს 80-მა პაციენტმა მიმართა, მათ შორის 8-ს სტაციონალური მკურნალობა დასჭირდა

ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად, დამწვრობის ცენტრში პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა. ივნისის სტატისტიკის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებას, 3 კვირის განმავლობაში, უკვე 80 -მა პაციენტმა მიმართა. რუჯის მოყვარულებს შორის, უმრავლესობა ქალია, მაგრამ არიან მამაკაცებიც. პაციენტთა ასაკი 14-დან 25 წლამდე მერყეობს – ამის შესახებ „კვირას“ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.


როგორც გუგა ქაშიბაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, 80 პაციენტიდან რვა კლინიკაში მოათავსეს, დანარჩენებს კი, ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდათ.
„ზაფხულის თბილი დღეებთან ერთად, ჩვენს კლინიკაში სხეულის დამწვრობით პაციენტთა მომართვიანობის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, შარშანდელთან შედარებით, იგივეა. ეს იმ პაციენტებზეა საუბარი, რომლებმაც სხეულის დამწვრობა გარუჯვის შედეგად მიიღეს. ამ კატეგორიის პაციენტთა ასაკი 14-დან 25 წლამდე მერყეობს. წელს, მაისის ბოლო რიცხვებიდან დღემდე, კლინიკას 80-მა პაციენტმა მომართა. მათ შორის რვა სამედიცინო დაწესებულებაში მოვათავსეთ. მათ გარუჯვისას, არა მარტო კანის დამწვრობა მიიღეს,  არამედ, მზის სხივებისგან ისეთი დამწვრობა ჰქონდათ მიღებული, რომ კლინიკაში მოთავსება და სტაციონალური მკურნალობა დასჭირდათ. პაციენტებს შორის უმრავლესობა ქალი იყო, თუმცა მამაკაცებიც იყვნენ, რომლებმაც გარუჯვის შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღეს“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აფრთხილებს, რომ 12:00-დან 16:00 საათამდე მზეს მოერიდონ.
ამასთან, ქაშიბაძე აცხადებს, რომ მზის დამცავი საცხის გარეშე გარუჯვა დაუშვებელია.
ქაშიბაძე იმ პირებსაც მიმართავს, რომლებმაც სხეულის დამწვრობა მიიღეს, მაგრამ კლინიკას არ მიმართეს.
„დაუშვებელია 12-დან 16 საათამდე, მზის სხივების მიღება. მზის სხივები სახიფათოა, როდესაც ადამიანის ჩრდილი მოკლდება. ნებისმიერ აფთიაქში იყიდება მზის დამცავი საცხი და სხვათა შორის, სხვადასხვა ხარისხის. განსაკუთრებით, იმ პირებს მინდა მივმართო, რომლებიც კლინიკამდეც არ მიდიან და თვითმკურნალობას ეწევიან, მათ აუცილებლად უნდა მიიღონ ტკივილგამაყუჩებელი, სხეულზე კი დამწვრობის საწინააღმდეგო საცხი, ლოსიონი ან გელი უნდა წაისვან. ესეც, რა თქმა უნდა, აფთიაქებში დევს და სხვადასხვა ფასისა და სხვადასხვა ხარისხისაა. ეს ყველაფერი რომ თავიდან ავიცილოთ, უმჯობესია რუჯი თანმიმდევრულად მივიღოთ და არა ერთბაშად. გარდა ამისა, არ შეიძლება, დამწვარი სხეულით, მეორე დღეს, ისევ მზეს „გავუწვეთ“. მნიშვნელოვანია, რომ მზეს დღის საათებში ბავშვები და მოხუცები მოერიდონ“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები