“ადამიანის უფლებათა ცენტრი”: პროკურატურამ უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ კალანდიასთვის წაყენებული ბრალი დამტკიცდეს

“პროკურატურამ უნდა იმუშაოს და გააგრძელოს საგამოძიებო მოქმედებები იმისათვის, რომ მიხეილ კალანდიასთვის წაყენებული ბრალი დამტკიცდეს”, – ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს იცავს. როგორც ცქიტიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ ლოგიკურია, რომ დღეს მიხეილ კალანდია დააკავეს.
„სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი განაჩენის შემდეგ ლოგიკური გაგრძელებაა, რომ დღეს მიხეილ კალანდია დააკავეს. ლოგიკურია, როცა სასამართლო მიუთითებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული – გ.ჯ არის ნამდვილად ამ ჯგუფური მკვლელობის ჩამდენი სხვა დაუდგენელ პირთან ერთად. სწორედ მიხეილ კალანდიას მიმართ იყო მთავარი ეჭვი, რომ ის იყო ე.წ. დაუდგენელი პირი. ეს სიახლე არ არის არც მედიისთვის, არც საზოგადოებისთვის და არც სხვა აქტორებისთვის, ვინც ამ საქმით არის დაინტერესებული. ასევე, შეიძლება, ამ კუთხით ითქვას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პოზიცია, დასკვნა, სადაც პირდაპირ იყო მითითებული რეკომენდაცია, რომ პროკურატურას ბრალი უნდა წაეყენებინა მიხეილ კალანდიასთვის. რაიმე სენსაციური არ არის, რომ დღეს სასამართლოს გუშინდელი განაჩენს შემდეგ მიხეილ კალანდია არის დაკავებული.
რა თქმა უნდა, ყველაფერი წინ არის. პროკურატურამ უნდა იმუშაოს და გააგრძელოს საგამოძიებო მოქმედებები იმისათვის, რომ მიხეილ კალანდიასთვის წაყენებული ბრალი დამტკიცდეს და სასამართლოს განაჩენით დამტკიცდეს, რომ ის ნამდვილად იყო ამ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე”, – აცხადებს ცქიტიშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დღეს, 4 ივნისს დააკავა.
3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები