“ბილაინის მხარდაჭერით”, კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლა უკვე შესაძლებელია

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრის, “ბილაინის” მხარდაჭერით, ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, კომპიუტერული პროგრამირება ქართულ ენაზე ისწავლოს. შესაბამისი რესურსი განთავსებულია ონლაინ და სრულიად უფასოა. პროგრამირების გაკვეთილები გათვლილია როგორც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე, ისე – სტუდენტებსა და ნებისმიერ სხვა ადამიანზე, ვისაც პროგრამირების საფუძვლების შესწავლა სურს.
როგორც “კვირას” კომპანია “ბილაინიდან” აცნობეს, პროექტი საგანმანათლებლო ფონდმა – Educare Georgia-მ განახორციელა, რომლის მიზანიცაა, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მოცემული პროექტი „ხანის აკადემიის“ (Khan Academy) კომპიუტერული პროგრამირების ონლაინგაკვეთილების გაქართულებას გულისხმობდა. „ხანის აკადემია“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელზეც წარმოდგენილია ათასობით ვიდეოგაკვეთილი და პრაქტიკული სავარჯიშო სხვადასხვა საგანში ინგლისურ ენაზე. იმისთვის, რომ ქართველ მოსწავლეებს სრულად შეეძლოთ პლატფორმის ათვისება, Educare Georgia მის გაქართულებასა და ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებას ახდენს.
სადღეისოდ პროგრამირების სპეციალისტი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ამასთანავე, ამ სპეციალობის უპირატესობა ისიც არის, რომ ადამიანს არ სჭირდება ფიზიკური დისლოკაცია და დისტანციურად შეუძლია, მოემსახუროს და ემუშაოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ დამკვეთს.
„ხანის აკადემიის“ ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია: https://ka.khanacademy.org/ და YouTube- ზე: https://bit.ly/2pmdg4K(Khan Academy Georgian).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები