“როდესაც საუბარია რეორგანიზაციაზე, აქ გამორიცხულია თანამშრომლების შემცირება“

„როდესაც საუბარია რეორგანიზაციაზე, აქ გამორიცხულია თანამშრომლების შემცირება“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ლომინაძე აცხადებს, რომ მაღაროელების თავდაპირველი მოთხოვნა ხელფასების 50%-იან ზრდასთან დაკავშირებით არარეალური და არაადეკვატურია.

მისივე თქმით, კომპანიამ თანამშრომლების ხელფასების 25%-ით გაზრდა შესთავაზა, რაზეც ადმინისტრაციამ უარი მიიღო.

„კომპანიის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მაღაროელების გაფიცვა არის უკანონო, რადგან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არსებობს ის სამართლებრივი გარემო, რომელიც გაფიცვის დროს უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. ეს გახლავთ, პირველ ყოვლისა, კომპანიის ადმინისტრაციის გაფრთხილება გაფიცვასთან დაკავშირებით, ფორმალიცაზია იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წაყენებულია გაფიცულთა მხრიდან და, ამავდროულად, პირველ ეტაპზე გონივრული ვადის მიცემა იმისათვის, რომ ეს მოთხოვნები იქნას დაკმაყოფილებული ყოველგვარი გაფიცვის გარეშე. პარალელურ რეჟიმში, გაცნობებთ, რომ კომპანიას გაფორმებული აქვს ყველა არსებულ პროფკავშირთან შესაბამისი კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც, აგრეთვე, ითვალისწინებს იმ ფორალურ მომენტებს, რომლებიც თან ერთვის გაფიცვას. იქედან გამომდინარე, რომ ყველა ეს მოთხოვნა, როგორც საკანონმდებლო, აგრეთვე ხელშეკრულებითი მოთხოვნები, იქნა დარღვეული გაფიცულთა მხრიდან, კომპანიას აქვს მყარი საფუძველი იმისათვის, რომ განაცხადოს – წარმოდგენელი გაფიცვა არის უკანონო“,- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ლომინაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როდესაც საუბარია რეორგანიზაციაზე, აქ გამორიცხულია თანამშრომლების შემცირება, მისი თქმით, რეორგანიზაცია მოიცავს მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებს.

„თავდაპირველად, მოთხოვნილი იყო ხელფასების 50%-იანი ზრდა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას და არაადეკვატურია. ასევე, ამ არაადეკვატურ მოთხოვნას, რაც წაყენებული იყო, ადასტურებს მის არარეალორობას ის გარემოებაც, რომ არანაირი ჯგუფი  იქნა გაფიცულთა მხრიდან გამოყოფილი, ვისთანაც მოხდებოდა აღნიშნული საკითხის გავლა. ჩვენი მხრიდან ორი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის შედეგად მივედით იმ რეზულტატზე, რომ მზად ვიყავით, 25%-იანი ზრდა შეგვეთავაზებინა, რომელიც ეფუძნებოდა იმ რეორგანიზაციას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რომ განვახორიცელოთ კომპანიაში. აქ საუბარი არ არის რეორგანიზაციის დროს ჩვენი თანამშრომლების შემცირებაზე, აქ საუბარია იმ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომლებიც, შეიძლება, განხორციელდეს კომპანიაში, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ დავზოგოთ გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯები და სწორედ ამ ხარჯების დაზოგვის შედეგად მიღებული დანაზოგი გადავანაწილოთ უკვე ხელფასებად“, – აცხადებს მერაბ ლომინაძე.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, შეუძლებელია წინასწარ იმის თქმა, მოხდება თუ არა კვლავ ხელფასების 25%-იანი ზრდა.

„ეს წინადადება იქნა შეთავაზებული, რაზეც ჩვენ მივიღეთ უარი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, ჯერჯერობით, უცნობია, თუ რამდენად რეალისტურია ახლა უკვე ეს წინადადება, ძალაშია თუ არა, ჩვენ შევთავაზეთ, რაზეც მივიღეთ უარი, არ იყო გაფიცულთა მხრიდან ჯგუფი გამოყოფილი, ვინც ჩვენთან იმუშავებდა  ამ საკითხის და არამხოლოდ ამ საკითხის გადასაწყვეტად; ამიტომ, დღევანდელი მდგომარეობით, რთულია, ვთქვა, თუ რა ფორმით მოხდება ან მოხდება თუ არა ამ წინადადების განხორციელება“,- განაცხადა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მერაბ ლომინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები