რატი იონათამიშვილი: ახალი ინიციატივა მოგვცემს შესაძლებლობას, შევიმუშაოთ ფუნდამენტური რეფორმები შშმ პირთა თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის

„დღეს პარლამენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სივრცის მოწყობის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს“,- ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კანონპროექტს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა არის მისაწვდომობა. ადაპტირებული სივრცეების, ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოსა და სერვისების გარეშე შეუძლებელია თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ჩვენი ვალია გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ადაპტირების პროცესი იყოს შეუქცევადი საქართველოში და ეს ერთიანი ხედვისა და კოორდინაციის პირობებში ხორციელდებოდეს“, – განცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შეიმუშავეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა. კანონპროექტის ინიციატორები რატი იონათამიშვილთან ერთად არიან პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, დაჩი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი
„ეს ინიციატივა მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას შევიმუშაოთ ახალი ფუნდამენტური რეფორმები შეზღუდული შესაძლებლობის პირთა თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის. კერძოდ, მშენებლობის პროცესში შშმ პირთა საჭიროებების არგათვალისწინებაზე დაწესდება სანქციები და ეს მექანიზმი იმუშავებს არსებული პრობლემების აღმოფხვრამდე. ასევე სანქციები განისაზღვრება გეოგრაფიული არეალისა და სამშენებლო კლასების მიხედვით. ზედამხედველობის არეალში მოექცევა ხუთივე კლასის შენობა-ნაგებობები და ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ათასიდან 20 ათას ლარამდე მშენებლობის მოცულობისა და მნიშვნელობის მიხედვით. განისაზღვრება ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანო და ეს იქნება მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი ინიციატივით გარდამავალ დებულებებში საქართველოს მთავრობას ორი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური საკითხის დარეგულირება დაევალება:
• შშმ პირთათვის სამშენებლო ახალი ეროვნული სტანდარტების შემუშავება, სადაც მოხდება ყველა კატეგორიის შშმ პირთა მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინება, ვინაიდან ადაპტირება არ არის მხოლოდ პანდუსი და ეს არ კეთდება მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანებისათვის;
• დაიწერება მისაწვდომობის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმა, სადაც ერთიანი ხედვით განისაზღვრება ადაპტირების პროცესი, მოხდება კონკრეტულ პროექტებზე პასუხისმგებელი კონკრეტული სახელმწიფო უწყებების განსაზღვრა და ასევე ამასთან ერთად განისაზღვრება კონკრეტული ვადები და რესურსები.
„მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ახალ ეტაპზე აიყვანს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებს და შექმნის ფუნდამენტურ გარანტიებს იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა ვითარდებოდეს სწორად ჩვენს ქვეყანაში და იყოს თითოეული შშმ პირის საჭიროება გათვალისწინებული და ცვლილებები თითოეული შშმ პირის ოჯახზე აისახება პოზიტიურად“, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
რატი იონათამიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული ინიციატივის მომზადებაში, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს და მათ მხარდამჭერ და წარმომადგენელ ორგანიზაციებს, რადგან მათი თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების დროს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. მან ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ინიციატივის შემუშავებასა და საზოგადოებისთვის წარდგენაში დიდი მხარდაჭერისათვის. რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, კანონმდებლები სხვა ახალი ინიციატივების წარდგენასაც აპირებენ, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს შშმ პირების უფლებების დაცვის გარანტიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები