კახა კალაძე: ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, არაერთი მიმართვის მიუხედავად, კომპანიამ არსებული ხარვეზების გამოსწორება ვერ შეძლო.
​მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ბაღის აღსაზრდელებს კვებასთან დაკავშირებით პრობლემა ამ დროისთვის არ აქვთ.
„ორი დღის წინ ჩვენ გავწყვიტეთ ხელშეკრულება კომპანია „ნილთან“, რომელიც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა. ამ კომპანიასთან არაერთხელ გქონდა კომუნიკაცია. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „ნილი“ ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, რაც დავალებული ჰქონდა, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ ბაღებისთვის საკვების მოწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, ბოლოს რამდენიმე შეხვედრაც გავმართეთ. ჩვენი მხრიდან იყო მიმართვა, რომ დაფიქსირებული ხარვეზები, რომლებიც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის, ძალიან სწრაფად გამოესწორებინათ, თუმცა კომპანიამ ეს ვერ შეძლო და ხელშეკრულება გავუწყვიტეთ. ამის მიუხედავად, მინდა, სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად ვუთხრა აღსაზრდელების მშობლებს, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. დღეს კვებით მომარაგებას უზრუნველყოფენ თავად ბაღები. დაჩქარებული წესით გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან, ვფიქრობ, რამდენიმე დღეში შევძლებთ ხელშეკრულების გაფორმებას და ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგება ჩვეულებრივ, შერჩეული კომპანიის მიერ გაგრძელდება.
შემიძლია ვთქვა, რომ საკვების კალორაჟი საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული. მინდა, მშობლებს ვუთხრა, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არის და არც სამომავალოდ იქნება. ჩვენთვის ბავშვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი ჯანსაღი კვება პრიორიტეტია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები