წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს რეკულტივაციის გეგმის წინასწარი წარმოდგენის ვალდებულება ექნება

0

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლითაც წიაღით სარგებლობის ობიექტების დამუშავების საკითხები მოწესრიგებულია. ცვლილებების ფარგლებში განახლდა ტექნიკური რეგლამენტი და დაინერგა განახლებული მოთხოვნები.
ცვლილების თანახმად, სავალდებულო გახდა ლიცენზიის მფლობელის მიერ შემუშავებული საბადოს დამუშავების პროექტის ლიცენზიის გამცემისათვის წარდგენა მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე.
„პროექტში ასახული უნდა იყოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სრული ციკლი – როგორც მოპოვების დასაწყებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ასევე, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაციასთან/დახურვასთან, ეკონომიკურ ნაწილთან, ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხები. ამასთან, მოპოვებითი სამუშაოების განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს რეკულტივაციის გეგმის შემუშავება და შეთანხმება უფლებამოსილ ორგანოსთან, ასევე, არქოლოგიური კვლევის საფუძველზე კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის წარმოდგენა.
ცვლილების მთავარი მიზანია საქართველოს სამთო-მოპოვებითი დარგის მართვისა და მარეგულირებელი მექანიზმების გაუმჯობესება, გარემოზე მოპოვების პროცესების უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება და დარგის ინფორმირებულობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება.
ტექნიკური რეგლამენტი შემუშავდა საერთაშორისო კონსულტანტებისა და დარგობრივი სპეციალისტების მონაწილეობით. რეფორმის პროცესში დაგეგმილია, ასევე, წიაღითსარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის განახლება“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი