თამარ ხულორდავა და მარიამ ჯაში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრებს, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

როგორც ,,კვირას” საქართველოს პარლამენტის პრესამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივ კავშირებს, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, განათლების კუთხით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს და სხვა.

თამარ ხულორდავას განცხადებით, გერმანია ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს განვითარებაში ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. მან ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე და მიღწევებზე ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრების ინფორმირების მნიშვნელობას საქართველოს მიმართ გერმანიის აქტიური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

„გერმანია ჩვენი ქვეყნისათვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობის და თანამშრომლობის ნაწილში, არამედ ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულების მხარდაჭერის კუთხით. გერმანიის პოზიციები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ევროკავშირის პოზიციებს და ამდენად, გერმანელ პოლიტიკოსებთან ასეთი აქტიური, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენთვის ორმხრივად საინტერსო და სასარგებლოა.

ჩვენმა სტუმრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ კვლავაც დაუჭირონ მხარი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ამის შესაძლებლობაც მიეცემათ იმის გათვალისწინებით, რომ გერმანია 2020 წელს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. შესაბამისად, გერმანული პოლიტიკური წრეების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ისევე როგორც ჩვენთან განხორციელებული რეფორმების მიმართ, არის ჩვენთვის საჭირო და აუცილებელი”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის შემდეგ.

მარიამ ჯაშმა გერმანელ კოლეგებს სხვა საკითხებთან ერთად, კონკრეტულად განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„აღვნიშნე, რომ საქართველომ განათლების სექტორი მომავალი ეკონომიკური ზრდის მთავარ პლატფორმად გახადა და ვისაუბრე იმ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც უკავშირდება განათლების სისტემის მთლიანი შიდა პროდუქციის 6 პროცენტით დაფინანსებას. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ გერმანიის როლი საქართველოს განათლების პროექტებში, რომლებიც არის როგორც პროფესიული განათლების მიმართულებით, ასევე მოიცავს სადოქტორო სტიპენდიებს, გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობას და სხვა. თხოვნით მივმართეთ ჩვენს კოლეგებს, რომ სამომავლო თანამშრომლობებში მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს განათლებას, როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები