ალექსი პეტრიაშვილი: პუტინის შესაჩერებლად საქართველო ნატოს უნდა დაუახლოვდეს

   “პუტინის შესაჩერებლად საქართველო ნატოს უნდა დაუახლოვდეს”, – ამ სათაურით აქვეყნებს Wall StreeT Journal ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის სტატიას. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ ვიდრე რუსეთი დაუსჯელი დარჩა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის, კრემლისთვის ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იყო შეჭრის გრძელვადიანი შედეგები. საქართველოს უკან, რუსეთის კალთის ქვეშ დაბრუნების ნაცვლად, ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ქართველებს უბიძგა, მტკიცედ აერჩიათ დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, სტაბილურობა, კეთილდღეობა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან ერთად.
ამასთან, როგორც სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირისთან ასოცირების შეთანხმებას, რაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას გარდაუვალს გახდის.
“ახლა უკვე აშკარაა, რომ საქართველო რუსეთისთვის უიმედობის მიზეზია. მაშინ, როცა დასავლეთი განიხილავს, თუ რა არის უკრაინის კრიზისის გადაჭრის საუკეთესო გზა, ერთი ნაბიჯი ცხადი უნდა იყოს: საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, შემდეგი ნაბიჯი გადადგას ნატოში სრული წევრობისკენ”, – აღნიშნავს ალექსი პეტრიაშვილი.
ალექსი პეტრიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის გაზრდილი ზეწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევით, ნოემბერში საქართველომ გააფორმა პოლიტიკური და სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, გააკეთა ყველაფერი საბოლოო რეფორმების გატარების დასაჩქარებლად, ნატოს მოთხოვნების შესასრულებლად. როგორც ალექსი პეტრიაშვილი წერს, საქართველოსთ ნატოს სამიტზე ალიანსის წევრობისკენ ნაბიჯის გადადგმის შეუთავაზებლობა თბილისს იმედს გაუცრუებს.
“ნატოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თავი შეიკავოს აშკარა შემდგომი ნაბიჯების გადადგმისგან საქართველოსთან ერთად, რეგიონში აღიქვამენ ალიანსში კონსესუსის ნაკლებობად, სისუსტედ და რუსეთისთვის “მწვანე შუქის” ანთებად – წამოიწყოს მომავალი აგრესია”, – აღნიშნავს ალექსი პეტრიაშვილი.
მისივე თქმით, ვერანაირი ზეწოლა – ვერც შემოჭრა და ვერც გრძელვადიანი ოკუპაცია, ვერ აიძულებს საქართველოს, გადაუხვიოს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.
“ამ ფეთქებადსაშიშ რეგიონში დღემდე ბევრი ვერ ამჩნევს იმ სარგებელს, რაც დემოკრატიზაციასა და ლიბერალიზაციას მოაქვს. საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება მკაფიო სიგნალს გაუგზავნის რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პროგრესი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში ნატოსა და დასავლეთის მიერ დაჯილდოებული იქნება”, – აღნიშნავს ალექსი პეტრიაშვილი.
ამასთან, როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი წერს, ბოლო თვეებში ვნახეთ სევასტოპოლის თავზე აღმართული საბჭოთა დროშები, საბჭოთა ჰიმნის მომღერალი ათასობით ადამიანი, რომელთაც ვლადიმერ ლენინის მონუმენტი გადმოჰყურებდათ.
“2005 წელს ვლადიმერ პუტინმა სინანულით აღნიშნა, რომ “საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი გეპოლიტიკური ტრაგედია იყო”.
საქართველოში განსხვავებული თხოვნა გვაქვს. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ მზად ვართ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ის ერა დიდი ხანია, დასამარდა და მიუხედავად უკრაინაში დროებითი რეგრესისა, რეგიონის მომავალი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება”, – წერს ალექსი პეტრიაშვილი.
ალექსი პეტრიაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მტკივნეულია უკრაინის კრიზისის თვალის დევნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შესაძლებელი იყო მისი თავიდან აცილება. სახელმწიფო მინისტრის აზრით, თუ უკრაინის კრიზისის არ მოგვარდება, შესაძლოა, ეს აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების მხრივ ვითარების მკვეთრი გაუარესების დასაწყისი გახდეს.
“2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ტერიტორიების ერთი მეხუთედის ოკუპირება მოახდინა. საქართველოს წილად ხვდა საეჭვო “პატივი”, გამხდარიყო მოსკოვის ამბიციების გამოსაცდელი პრეცედენტი, რომ ძალისმიერად აღედგინა გავლენა ყოფილ ვასალ სახელმწიფოებზე. დასავლეთის მდუმარე თანხმობის წყალობით, რომელმაც აღიარა საქართველოს ტერიტორიების მიტაცება, რუსეთს ეყო გამბედაობა და მას შემდეგ, ნელ-ნელა განამტკიცა თავისი ყოფნა და აგრესია რეგიონში, რამაც ყირიმის ანექსიამდე მიგვიყვანა”, – წერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
ამასთან, როგორც ალექსი პეტრიაშვილი აღნიშნავს, რუსეთის მომავალი ქმედებების აღსაკვეთად, დასავლელმა მოკავშირეებმა გადამწყვეტად უნდა იმოქმედონ და წარმოაჩინონ თავიანთი აქტიური ჩართულობა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში. მისივე თქმით, დასავლეთმა ასევე უნდა უარყოს კრემლის ნებისმიერი ახალი, ე.წ. გავლენის ექსკლუზიური ზონები.
“ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და ჩარევისთვის საფასური მაღალი და გრძელვადიანი უნდა იყოს, არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სანქციებით, არამედ უნდა მოახდინოს გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ცვლილების სტიმულირება. ასეთი ცვლილებისთვის, ნატო-მ ახალი მზერა უნდა მიაპყროს საქართველოს”, – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები