ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ჩვენი ქვეყანა გამოკვეთილი ლიდერია რეგიონში
“საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მისიის ხელმძღვანელსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველოში მიმდინარე პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა და მთლიანად ეყრდნობა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრგის.
„საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური პოლიტიკის მიმართ, რომელიც მიზნად დავისახეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს მიზნებია: მიმდინარე ხარჯების კონტროლი, კაპიტალური ხარჯების დაჩქარება, დეფიციტის ნორმალიზაცია. პროგრამის დასრულებამდე ერთი წლით ადრე, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები წარმატებით განხორციელდა”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის შეადგენს 4.6 პროცენტს და აღნიშნული მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა გამოკვეთილი ლიდერია რეგიონში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც გაეცნო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და განხორციელებულ რეფორმებს.
დღეს მისიის წევრებმა მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვას სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ივნისში განიხილავს.